მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე - 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.2 პროცენტი. მიმდინარე წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა- 5.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 13 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.