როგორი იქნება ოფიციალური ვაშინგტონის პასუხი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე - როგოც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და ოფიციალური თბილისის ქმედებებზე პასუხს განიხილავს. მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. მისივე თქმით შტატებმა სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია. ცნობისთვის, 24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ ე.წ გამჭვირვალობის კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. გვარები ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ვიზების გაუქმების შეტყობინებები მეილებზე უკვე მიუვიდათ.