17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი - “ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა. პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში პოლიტიკოსები მთელი დღის განმავლობაში მიდიოდნენ და ქარტიაზე ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებულ მოდელს ეთანხმებიან. პრეზიდენტმა მისი ინიციატივის ხელმომწერ პოლიტიკოსებთან შეხვედრაც გამართა, რის შემდეგაც, ქართული ქარტიის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგოც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ქვეყანა დღეს არჩევანის წინაშე დგას, ან ევროპულ გზას აღვადგენთ, ან იმ მიმართულებით წავალთ, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან გვაახლოებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ამომრჩევლების მობილიზაცია, ამ მხრივ კი მან, დიასპორის კენჭისყრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე თქვა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი ახალგაზრდების აქტიურობას ექნება. ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელი შესთავაზა. ქართულ ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები გაატარონ.