აშშ-ის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი დათანხმდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, პირველ ეტაპზე, საბრძოლო მოქმედებების ექვსკვირიანი პაუზის დროს, ორივე მხარე დაჯდება და მოლაპარაკებას ეცდება. მხარეები იმსჯელებენ, თუ როგორი შეიძლება იყოს მეორე ეტაპი და როდის შეიძლება დაიწყოს. ამასთან, კირბის თქმით, აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ „ჰამასი“ სამხედრო თვალსაზრისით დეგრადირებულია და ისრაელზე 7 ოქტომბრის მსგავსი შეტევის გამეორება აღარ შეუძლია. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში კი ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.