საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებასა და სესხის თანხის აღებაში დაეხმარებას პირდებოდნენ, სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩადებას სთხოვდნენ. ასევე ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს პირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს იხდიდნენ. ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 ათას ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი უძრავი ქონებები. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.