ეუთო-ოდირის დასკვნით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალში აღნიშნულ მკაცრ მოთხოვნებს. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში. ანალიზში ნათქვამია, რომ აშშ-სა და ავსტრალიაში არსებული კანონები მიზნად ისახავენ, კერძო კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციას, რომლებიც უცხოური ხელისუფლებების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში და ისინი არ ასახელებენ სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას “უცხოურ წარმომადგენლებად” მხოლოდ იმისთვის, რომ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ODIHR-ი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი და ნაბიჯები გადადგან, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.