2024 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება. ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები უკვე გამართეს კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში დარგობრივ ასოციაციებთან, რომლებიც ათასობით ფერმერს აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში; აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი რეგულაციის დაჩქარებულად მომზადებისა და ამოქმედების საჭიროება.