* ჟაკ მერინი - საზოგადოების ნომერ პირველი მტერი -
ანარქისტი რავაშოლი, „ბონოს ბანდის“ სახელით ცნობილი დაჯგუფება და 1940-იანი წლების ყველაზე სასტიკი მანიაკი - დოქტორ მარსელ პეტიე - საფრანგეთის ისტორია ნამდვილად არასდროს უჩიოდა კრიმინალების სიმცირეს, რომელთაც საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობით გაითქვეს სახელი, თუმცა საზოგადოების ნომერ პირველ მტრად მაინც ჟაკ მერინი იქცა, რადგან თითქმის 40 წელი შეინარჩუნა საფრანგეთის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტული.
მართალია, 1960-1970-იან წლების ევროპაში მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებების უამრავი რადიკალური დაჯგუფება არსებობდა, რომლთაც ომი ჰქონდათ გამართული როგორც ხელისუფლების ისე ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ პრესის „რჩეულად’ და „სახელმწიფოს ყველაზე საშიშ მტერად“ არა პოლიტიკური დამნაშავე, არამედ კლასიკური კრიმინალი ჟაკ მერინი იქცა, რომელიც არც ორიგინალობით გამოირჩეოდა, არც განსაკუთრებული გონებამახვილობით, თუმცა საპატიმროში დაწერილი მემუარების წყალობით, პრესასთან ინტენსიური ურთიერთობითა და გულახდილი საუბრებით მაინც შეძლო იმ პოპულარობის მოპოვება, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
მორიგი სასჯელის მოხდისას, მერინმა თავი იმართლა, რომ „ყველაფერში წყეული ალჟირი იყო დამნაშავე, რომელიც ისეთივე ჯოჯოხეთად იქცა საფრანგეთისთვის, როგორც ვიეტნამი ამერიკისთვის“. ჟაკ მერინი მართლაც იბრძოდა ალჟირში, თუმცა მტკიცება, თითქოს კრიმინალური ცხოვრების წესის არჩევა ომის სისასტიკემ აიძულა, სამართალდამცველებისთვის ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა.
* * *
ჟაკ-რენე მერინი 1936 წლის 28 დეკემბერს დაიბადა პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ კლიშიში, საკმაოდ შეძლებულ და პატივცემულ ოჯახში. მცირეწლოვანი ჟაკის „კრიმინალური თავგადასავლები“ ჯერ კიდევ „კოლეჟ დე ჟიუს“ პრესტიჟულ სასწავლებელში დაიწყო, სადაც პედაგოგები დიდხანს ითმენდნენ მის ფეთქებად ხასიათს და უმიზეზო აგრესიას, თუმცა მათემატიკის მასწავლებლის სასტიკად ცემის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციის მოთმინების ფიალა აივსო და მერინი სასწავლებლიდან გარიცხეს.
სამხედრო სამსახურში გაიწვეული 19 წლის ჟაკი ალჟირში აღმოჩნდა, სადაც საფრანგეთი ყველა დშვებული და დაუშვებელი მეთოდით ცდილობდა ჩრდილოაფრიკული კოლონიის შენარჩუნებას და არაფერზე იხევდა უკან, რიგითი მერინის სამსახური კი, სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საფრანგეთის არმიამ ყველაზე სასტიკი სადამჯელო ოპერაციები განახორციელა და აჯანყებულების შემდეგ არც მათთან თანამშრომლობაში შემჩნეული ალჟირელები დაინდო. მართალია, შეუძლებელი აღმოჩნდა სამხედრო დანაშაულებებსა და სასტიკ წამებაში მერინის მონაწილეობის დადასტურება, მაგრამ ვერც მისი უდანაშაულობა დამტკიცდა, მით უფრო, რომ ფრანგი სამხედროების ალჟირული მოღვაწეობა დღესაც ნაკლებად შესწავლილი და გამოძიებულია.
* * *
1959 წელს საფრანგეთში დაბრუნებულმა მერინმა თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ სამშობლოში ალჟირის ომს არა თუ მხარს უჭერდნენ, არამედ საშინლად კიცხავდნენ, ვეტერანებს კი, დამნაშავეებად მიიჩნევდნენ, რამაც საშინლად გაანაწყენა და დიდი ხნით გაუცრუა იმედი.
ჟაკმა ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა და ჯერ პირველ მეუღლეს გაშორდა, რომელიც პრაქტიკულად არასრულწლოვანმა ითხოვა, მერე ესპანელი მარია დე ლა სალიდადი მოიყვანა ცოლად, რომელთანაც სამი შვილი - საბრინა, ბორისი და ბრუნო შეეძინა. მართალია, მზრუნველ მეუღლეს და მოსიყვარულე მამას ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ მერინს არასდროს აკმაყოფილებდა რიგითი ობივატელის მოწყენილი და ერთფეროვანი ცხოვრება, რადგან ყოველთვის სწრაფად და მარტივად გამდიდრებაზე ოცნებობდა.
პირველი, შედარებით მსუბუქი სასჯელი მერინმა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის მიიღო, მერე კი, ნიუბურგის ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, თუმცა იდეა იმდენად მარცხიანი, თავდასხმა კი - უწყინარი აღმოჩნდა, რომ სამ თანამზრახველთან ერთად დაპატიმრებულმა ჟაკმა მხოლოდ 18 თვე გაატარა ციხეში, განთავისუფლებულმა კი, ისევ კანონმორჩილი მოქალაქის ცხოვრებას დაბრუნება სცადა და არქიტექტურულ კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ, თუმცა რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების შემცირებას ემსხვერპლა და სამსახური დაკარგა.
1965 წელს, მერინი პალმა დე მაიორკას სამხედრო გუბერნატორის აგარაკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს და რადგან საიდუმლო დოკუმეტების გატაცებას ცდილობდა, ესპანეთის მთავრობამ საფრანგეთის დაზვერვის ჯაშუშად მიიჩნია. თუმცა, ბრალდება ვერ დაუმტკიცა და პოლიტიკურ-კრიმინალურ თავგადასავლებისგან თავდაღწეული ჟაკი კანარის კუნძულებზე გაემგზავრა, სადაც რესტორანი გახსნა. გამოუცდელ ბიზნესმენს ნაკლებად გაუმართლა, რადგან კონკურენცია ვერ გაუწია ძლიერ კოლეგებს და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მხოლოდ კარგად ორგანიზებული კრიმინალური საქმიანობით შეძლებდა სიმდიდრისა და დიდების მოპოვებას.
* * *
მძაფრ შეგრძნებებს მონატრებულმა მერინმა ჯერ ჟენევაში გაძარცვა საიუველირო მაღაზია და სასტუმრო „შამონი“, მერე კი, პარიზში გადაინაცვლა, სადაც მოდური ტანსაცმლის ბუტიკი გაასუფთავა და როცა მის კვალს პოლიცია დაადგა, საყვარელთან, ჟანა შნაიდერთან ერთად გადაბარგდა კანადაში, სადაც ადგილობრივ მილიონერთან ჟორჟ დელორიესთან დაიწყო მძღოლად მუშაობა.
არავინ იცის, რა კრიტერიუმებით არჩევდა მილიონერი მომსახურე პერსონალს, თუმცა მერინის დაქირავებით მართლაც დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. „საერთაშორისო ასპარესზე“ გასულმა კრიმინალმა დელორიეს გატაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა გადაწყვიტა. ჩანაფიქრი მარცხით დასრულდა, რამაც მერინს ამერიკაში აიძულა გაქცევა, სადაც სამ კვირაში დააკავეს და ისევ კანადაში დააბრუნეს 10-წლიანი სასჯელის მოსახდელად. თუმცა, ჟაკი არც ამჯერად შეყოვნდა საპატიმროში, რამდენიმე კვირაში შეძლო გაქცევა და მართალია, მეორე დღესვე დააპატიმრებული მკაცრი რეჟიმის ციხეში „სენ-ვენსან-დე-პოლიში“ მიაბრძანეს, მაგრამ ორწლიანი შესვენების შემდეგ, 1971 წლის ზაფხულში, ხუთ მეგობართან ერთად ისევ წარატებით დააღწია თავი პატიმრობას.
რა თქმა უნდა, გაქცეულებს ფინანსები დასჭირდათ და მერინიც საყვარელ საქმეს - ბანკების ძარცვას შეუდგა ახალ მეგობართან, კანადელ ჟან-პოლ მერსიესთან ერთად, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მეგობრებმა ჯერ რამდენიმე ბანკი გაძარცვეს, მერე კი, წარმატებით გათამამებულებმა „სენ-ვენსან-დე-პოლის“ ციხიდან ძველი მეგობრების დახსნა გადაწყვიტეს.
გაქცევის გეგმა მერინმა შეიმუშავა. მეტიც, ყალბი დოკუმენტებით ბინა იქირავა, საჭირო პროდუქტთან და მედიკამენტებთან ერთად იარაღიც შეიძინა და მერსიესთან ერთად დაიძრა ციხისკენ, სადაც საიმედოდ გადამალა ორი ავტომობილი. თუმცა, საპატიმროსთან მისულს ერთი-ორად გაძლიერებული დაცვა დახვდა, რომელთაც სწრაფად შეამჩნიეს საეჭვო პირები და ცეცხლიც გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შემდეგ შეთქმულები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ საკუთარ ჩანაფიქრზე, თუმცა პატიმრობას მაინც გადაურჩნენ და წარმატებით გააგრძელეს ბანკების ძარცვა. კანადის პოლიცია დიდხანს ცდილობდა მერინისა და მისი თანამზრახველის დაკავებას, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მძარცველებმა დაბრკოლების გარეშე დატოვეს ქვეყანა და ვენესუელაში გაემგზავრნენ.
* * *
1972 წლის ბოლოს მერინს ხეტიალი მობეზრდა და საფრანგეთში დაბრუნდა, სამშობლოში გააგრძელა ბანკების ძარცვა და მართალია, 1973 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს, მაგრამ „სახელმწიფოს ყველაზე საშიშმა მტერმა“ ისევ შეძლო მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა. სასამართლოში გამოცხადებულ მერინს მეგობრების საჩუქარი - საპირფარეშოში საიმედოდ დამალული პისტოლეტი დახვდა, რომელიც მწვავე დიარეის სიმულირებით ჩაიგდო ხელში, სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას კი, მოსამართლე აიყვანა მძევლად და ისე დატოვა დარბაზი არც უფიქრია განაჩენის მოსმენა. თუმცა, მაინც ვერ შეძლო თავისუფლებით დიდხანს დატკობა, რადგან 20-წლიანი სასჯელით აღმოჩნდა საფრანგეთის ყველაზე სასტიკ საპატიმროში - „ლა სანტეს“ მკაცრი რეჟიმის ციხეში, სადაც მემუარების წერას შეუდგა და წიგნადაც გამოსცა სათაურით „მკვლელის ინსტინქტი“. ავტობიოგრაფიულ რომანში მერინმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვითკმაყოფილებით აღწერა საკუთარი ცხოვრება და შეგნებულად დაამძიმა ყველა დანაშაული მკვლელობის ჩათვლით, რომელთა უმეტესობა სინამდვილეში მხოლოდ მისი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა.
მემუარების გამოცემის შემდეგ, მერინი ისევ ციხიდან გაქცევის გეგმის შემუშავებას შეუდგა, თუმცა მისი ზრახვებისა და სურვილების შესახებ სწრაფად შეიტყო ციხის ადმინისტრაციამ. მართალია, არავის სჯეროდა, რომ ჟაკი იმ კარგად დაცული საპატიმროდან შეძლებდა გაქცევას, საიდანაც მანამდეც ბევრმა სცადა, თუმცა ვერავინ მოახერხა, მაგრამ უსიამოვნებებისგან თავის დასაზღვევად მაინც გადაიყვანეს სპეციალურ ზონაში, სადაც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, მერინმა იარაღი, დაცვის თანამშრომლის ფორმა ჩაიგდო ხელში და პირველი გახდა ვინც საფრანგეთის ყველაზე დაცული ციხიდან მოახერხა გაიქცევა.
* * *
მორიგი „გასტროლები“ მერინმა ჯერ სიციალიაში, მერე ალჟირსა და ბრიტანეთში მოაწყო, მოგვიანებით კი, ბელგიელები გაახარა საკუთარი სტუმრობით და ბოლოს ისევ პარიზში დაბრუნდა, სადაც ბიზნესმენი ანრი ლელევრა გაიტაცა, სანაცლოდ კი, 6 მილიონი ფრანკი მოითხოვა და სწორედ მაშინ დაიმსახურა ხელისუფლების რისხვა „სახელმწიფოს ყველაზე საშიში მტრის“ ტიტულთან ერთად, რომელითაც ყოველთვის ძალიან ამაყობდა. მეტიც, დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა პრესასთან და საფრანგეთის მთავრობის იდეურ მოწინააღმდეგედ, სამართლიანობისთვის მებრძოლ „რობინ ჰუდად“ ასაღებდა თავს. თუმცა, როცა ანარქისტული იდეებით სცადა საკუთარი დანაშაულის გამართლება, ცნობილი ჟურნალისტის ჟაკ ტილერის მხოლოდ ირონიული შენიშვნა დაიმსახურა, რომელმაც სისხლის სამართლის ტრივიალური დამნაშავე უწოდა კეთილშობილური ზრახვების გარეშე და პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, რადგან გამძვინვარებულმა მერინმა ახლა რეპორტიორი გაიტაცა და სასტიკად აწამა, რათა დაემტკიცებინა, ვინ იყო სინამდვილეში.
* * *
მართალია, 1979 წლის აგვისტოში, როცა მერინის თავზეხელაღებულობით შეწუხებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტიან ბონემ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, პოლიციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა მისი თავშესაფრის მოსაძიებლად, მაგრამ ორთვიანი მუშაობის შემდეგ სამართალდამცავებმა მაინც შეძლეს მისი მიგნება და სახლთან ჩასაფრება.
1979 წლის 2 ნოემბერის დილას ჟაკ მერინმა საყვარელთან სილვია ჟანჟაკთან ერთად სცადა სახლის დატოვება და ქალაქიდან საკუთარ ავტომობილით გამგზავრება, თუმცა პარიზის გარეუბანში, მის BMW-ს პოლიციის სატვირთომ გადაუღობა გზა, რომლის საბარგულიდან გაფრთხილების გარეშე გახსნეს ცეცხლი პოლიციელებმა და მერინი 15 ტყვიით იმსხვერპლეს, მისი მეგობარი ქალი კი, მძიმედ დაჭრეს.
მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ'ესტენმა პირადად მიულოცა კრისტიან ბონეს წარმატებით განხორციელებული ოპერაცია, მაგრამ მერინის ლიკვიდაციამ ნაკლებად გაახარა საფრანგეთის მოსახლეობა. ფრანგებმა ძალადობაში დაადანაშაულეს სამართალდამცავები, რომელთაც არც მისი დაკავება სცადეს, არც ნებით ჩაბარების უფლება მისცეს და პირდაპირ ადგილზე დახვრიტეს, მისი მეგობარი ქალი კი, რომელსაც არაფერი აკავშირებდა კრიმინალურ საქმიანობასთან უდანაშაულოდ იმსხვერპლეს.
განსაკუთრებული შემართებით მერინის დაცვა იმ აქტივისტებმა სცადეს, ვინც კრინინალის რომანტიზირება მოინდომა და გარკვეულწილად შედეგსაც მიაღწია, რადგან სახელმწიფოს მტრად შერაცხული ჟაკ მერინი, ვისთვისაც „იმიჯი“ და „საფირმო სტილი“ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფული, „უკანასკნელი რომანტიკოსის“ სახელით შევიდა საფრანგეთის ისტორიაში და ბევრისთვის დღემდე ლეგენდად რჩება.