პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. ვეტოს დაძლევას და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციონერთა შეფასებით, ახლა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი. პარლამენტის გუშინდელი სხდომის პარალელურად, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია გრძელდებოდა.