უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმებაა დაგეგმილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი შეხვდება ბელგიის მეფეს, ფილიპს, ასევე პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრს, ლუდივინ დედონდერს. გარდა ამისა, დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ავიაბაზაზე, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნებს გადიან. მედიის ინფორმაციით, ესპანეთსა და ბელგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო გაუქმდა. 27 მაისს ზელენსკი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად, უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.