„ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. 3 საათში, პარლამენტში, სავარაუდოდ ხმაურიანი პლენარული სხდომა დაიწყება. ვეტოს საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა - პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა, შემდეგ კი ვეტოს დაძლევის პროცესს კენჭს უყრიან. მმართველ პარტიას ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტზე დადებული პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის 76-ი დეპუტატის ხმა ჰყოფნის. ამავდროულად, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კვლავ მოუწოდებს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს, შესაბამისად, როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ევროპული მომავალი არ დააკარგვინოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ კანონპროექტზე დადებული ვეტო „ქართული ოცნებისთვის" ბოლო შანსს წარმოადგენს.