ვოლოდიმირ ზელენსკის ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ესპანეთი მეათე სახელმწიფო გახდა, რომელმაც უკრაინასთან მსგავს ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტში ესპანეთის მონაწილეობა ისტორიული მნიშვნელობის იქნება. შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.