თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდების შემთხვევაში მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების თაობაზე ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს, დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია დაამყარეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. საუბარია 1 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ფიზიკურ პირს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იურიდიულს კი 10 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა 150 000 ლარის ოდენობით.