საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციების დაწყების პროცედურები განიხილეს. პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 2024 წლის 28 მაისიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს. კონსულტაციების მიმდინარეობის პერიოდში, საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე საბჭოს შესაძლებელია პირადად მიმართონ გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების მსურველებმა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.