საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა დეპუტატების წინაშე და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არის პრეზიდენტისთვის კანონპროექტი რუსული. მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ მსხილაძეს დეპუტატებმა კითხვებიც დაუსვეს. აღსანიშნავია რომ კომიტეტის სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.