საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს გორში უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება.
ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენი.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.