ბაკურიანში წელს 10 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბინები გაიყიდა. როგორც „გალთ ენდ თაგარტი“ თავის კვლევაში წერს, მხოლოდ მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი - 6%-იანი კლებაა. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, ტრანზაქციების უმეტესობა - 65.5% მეორად ბაზარზე დაფიქსირდა. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის 1-ელ კვარტალში ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა მთლიანი გაყიდვების 76.7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 55.7% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიზე, ხოლო 42% საშუალო ფასის სეგმენტზე მოდის. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2024 წლის 1-ელ კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1044 დოლარს გაუტოლდა.
კვლევის თანახმად, ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.9%- იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებს უკავშირდება.