* რიკი მარტინი -
ლათინური მუსიკის მეფედ წოდებული რიკი მარტინის კარიერა კათოლიკური ეკლესიის გუნდში დაიწყო და სან-ხუანის ტელევიზიაში გაგრძელდა, როცა რამდენიმე სარეკლამო რგოლში მონაწილეობის შემდეგ, ახალბედა მომღერალმა პოპულარული ანიმაციური პერსონაჟის ნაცვლად შეასრულა სიმღერა, თუმცა მოზარდების ჯგუფში Menudo-ში, მარტინი მხოლოდ მესამე მცდელობით მიიღეს, რადგან ჯერ გარეგნობა დაუწუნეს, მერე სიმაღლე.
* * *
ენრიკე მარტინ მორალესი 1971 წლის 24 დეკემბერს დაიბადა პიერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. თანდაყოლილი ნიჭის მიუხედავად, რიკის მშობლებს არაფერი აკავშირებდათ მუსიკასთან მელომანობის გარდა, რადგან დედა ბუხჰალტერი იყო, მამა კი, ფსიქოლოგი.
მართალია, პუერტო-რიკომ უამრავი ვარსკვლავი აჩუქა სამყაროს ხოაკინ ფენიქსისა და ბენისიო დელ ტოროს, ექტორ ლავოისა და მარკ ენტონის ჩათვლით, მაგრამ ეროვნულ დღესასწაულად მხოლოდ რიკი მარტინის დღე იქცა, რომელიც 2008 წლიდან აღინიშნება ზაფხულის ბოლო დღეს - 31 აგვისტოს.
* * *
Menudo-ს შემადგენლობაში ხუთწლიანი მუზიცირების შემდეგ 17 წლის მარტინმა სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და რამდენიმე ესპანურენოვანი დისკი ჩაწერა. 1991 წელს მშობლიური პუერტო-რიკოდან რიკი მექსიკაში გადაბარგდა, სადაც ტელე- და თეატრალურ დადგმებში მონაწილეობით მოიპოვა ახალგაზრდა ვარსკვლავის სტატუსი, 1994 წელს კი, ამერიკული სერიალის „მთავარი ჰოსპიტლის“ ერთ-ერთ ეპიზოდში განასახიერა პიერტო-რიკელი მომღერალი.
1999 წელს, ესპანეთში რამდენიმე ალბომის ჩაწერის შემდეგ, მარტინმა „გრემის“ 41-ე ცერემონიაზე შეასრულა სიმღერა The Cup of Life, რომელიც ამერიკის მუსიკალურ ინდუსტრიაში დაწინაურებაში და ლათინოამერიკული პოპ-მუსიკის პოპულარიზაციაში დაეხმარა, კომპოზიციამ Livin’ la Vida Loca-მ კი, არა მხოლოდ მუსიკოსს, არამედ ლათინოამერიკულ მუსიკას მოუტანა მსოფლიო აღიარება და სხვა ესპანურენოვან მუსიკოსებს შეუწყო ხელი ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში.
* * *
კომპოზიცია Livin’ la Vida Loca - რვა მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და 1990-იანი წლების ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა, წარმატებით აღინიშნა მუსიკოსის პირველი ინგლისურენოვანი ალბომიც Ricky Martin, რომელიც 22 მილიონ ასლად გაიყიდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაკრებად იქცა.
საერთო ჯამში მარტინმა 85 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და 95 პლატინის სიმღერა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა კონცერტებით და პრაქტიკულად ყველა მუსიკალურ პრემიას მოუყარა თავი - Grammy-ის, World Music Awards-ის, Billboard Music Awards-ისა და MTV Video Music Awards-ის ჩათვლით.
* * *
წარმატებული დებიუტის - პოპულარულ სერიალში „მთავარ ჰოსპიტალში“ შესრულებული ეპიზოდური როლის შემდეგ, მარტინმა კიდევ რამდენიმე ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჰორორის ჟანრის ფილმში „მკვლელის ხელში“ შექმნილი პერსონაჟი, რომელიც მართალია, კრიტიკოსებმა ნაკლებად მოიწონეს, მაგრამ თავად მარტინი დარჩა კმაყოფილი საკუთარი ნამუშევრით.
2012 წელს მუსიკოსმა ჩე გევარა განასახიერა ბროდვეის სცენაზე დადგმულ მიუზიკლში „ევიტაში“, 2020 წელს კი, საბავშვო კომედიაში „მისტერ ჯინგლის საშობაო მოგზაურობაში“ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტით დაჯიდოებული თოჯინის როლი მოირგო.
* * *
თუმცა, მარტინი არა მხოლოდ წარმატებული მუსიკოსი დ მსახიობი, არამედ საკმაოდ კარგი მწერალიც გამოდგა. 2010 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ რომანში „მე“ ავტორმა საკუთარ ბავშვობაზე, წარმატების მოპოვებამდე გავლილ რთულ გზასა და თაყვანისმცემლებთან, მათ შორის, გეი-დაჯგუფებებთან სკანდალურ ურთიერთობაზე მოუთხრო მკითხველს. მოცულობითი თავები მიუძღვნა მუსიკოსმა საკუთარ შვილებსა და მამობას, რომელიც ერთდროულად რთულიც აღმოჩნდა და უსაზღვრო ბედნიერების მომტანიც. აღსანიშნავია, რომ მარტინის წიგნმა, რომელიც კრიტიკოსებმა სამოტივაციო ნაწარმოებთა კატეგორიას მიაკუთნეს, The New York Times-ის ბესტსელერების რეიტინგის მეხუთე პოზიცია დაიკავა.
2013 წელს, როცა მის ტყუპებს - მატეოსა და ვალენტინოს 5 წელი შეუსრულდათ, მარტინმა საბავშვო წიგნი „სანტიაგო - მეოცნებე ვარსკვლავურ ქვეყანაში“ გამოუშვა და პატარა მკითხველს მუსიკოსობაზე მეოცნებე ბიჭუნას ისტორია მოუთხრო, რომელსაც უარი უთხრეს სკოლის კონცერტში მონაწილეობაზე. პირველმა მარცხმა ახალგაზრდა მუსიკოსი საკუთარ შესაძლებლობებში დააეჭვა, თუმცა ბრძენმა მამამ თვითრწმენა შემატა შვილს და ერთხელ არჩეული გზის გაგრძელება ურჩია.
რეცენზენტების შეფასებით, ერთგვარი ქარაგმულობის მიუხედავად, მარტინმა აბსოლუტურად რეალური, მეტიც, საკუთარი ისტორია მოუთხრო მკითხველს, ბავშვებს კი, მათთვის მისაღები ფორმით ურჩია, რომ ყოველთვის ღირდა საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისთვის ბრძოლა.
* * *
2000 წელ ფილანთროპმა მარტინმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი Fundación Ricky Martin დააფუძნა ნაკლებად შეძლებული ოჯახების ბავშვების დასახმარებლად მთელ მსოფლიოში. მარტინის ფონდის ინიციატივებს შორის აღმოჩნდა მცირეწლოვანთა მონობის აღმოფხვრის პროექტის დაფინანსება, ტაილანდში ცუნამის შემდეგ უსახლკაროთათვის სახლების მშენებლობა და პუერტო-რიკოში მოზარდთა ბანაკის მოწყობა, რომელიც ასეულობით ბავშვს მასპინძლობს ყოველ წელს.
მუსიკოსის გულწრფელი ქველმოქმედება არაერთხელ აღინიშნა პრემიებით. 2001 წელს მარტინი საქველმოქმედო საქმიანობაში ლიდერობისთვის დაჯილდოვდა, 2002 წელს კი, საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდო მიიღო კალკუტაში სამი სირიელი გოგონას მოძიებისა და გადარჩენისთვის.