მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13 პროცენტით იზრდებოდა და 2023 წელს რეკორდული მილიარდ 44 მილიონი დოლარი შეადგინა. სააგენტოს მომზადებულ დოკუმენტში, ნათქვამია ისიც, რომ გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. როგორც ირკვევა 2023 წელი წარმატებული იყო საექსპორტო ქეყნების რაოდენობის კუთხითაც და
მათმა რიცხვმა 106-ს მიაღწია. სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ასევე წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ შედეგია. მათი მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი გაშენდა. ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2023 წელს ამ ბაღებიდან მიღებული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება. გამოთქმულია მოლოდინი, რომ მომდევნო წლებში ბაღებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად მზარდი იქნება, რაც გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით არის განპირობებული. 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ყოველწლიურად 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ლარზე მეტი იქნება.