სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მან ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს, უკვე მიმართა. ჰააგას სასამართლოს პროკურორის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი, ივარაუდოს, რომ მათ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.