თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის, ისე ევროკავშირისთვის და აღინიშნა, რომ ეს არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის. მინისტერიალზე გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.