* ბილ უიზერსი -
აფრო-ამერიკელმა ავტორ-შემსრულებელმა ბილ უიზერსმა, რომლის შემოქმედება გასული საუკუნის 80-იან წლების პოპულარული - რბილი სოულის ჟანრს მიეკუთნება, პირველ რიგში ჰიტებით Ain't No Sunshine, Just The Two Of Us და Use Me, Lovely Day, Grandma's Hands და Lean On Me მოიპოვა აღიარება.
* * *
უილიამ ჰარისონ უიზერსი 1938 წლის 4 ივლისს დაიბადა დასავლეთ ვირჯინიის შტატის ნახშირმომპოვებელ ქალაქ სლებ-ფორკში, ნაკლებად შეძლებულ მრავალშვილიან ოჯახში. ექვს და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი ბილი 12 წლის იყო როცა მამა დაკარგა, რაც ოჯახის წევრებს შორის ყველაზე მტკივნეულად განიცადა. სწორედ მამის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, შეუერთდა 17 წლის უიზერსი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს და მთელი 9 წელი იმსახურა.
ჯარში გაიტაცა უიზერსი მუსიკამაც, როცა პირველი კომპოზიცია შექმნა და თავადვე შეასრულა, თუმცა მუსიკალური კარიერაზე ზრუნვას მოგვიანებით, 1965 წელს, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისა და ლოს-ანჯელესში გამგზავრების შემდეგ შეუდგა.
* * *
მონდომების მიუხედავად უიზერსს ნაკლებად გაუმართლა, რადგან მუსიკალურ ინდუსტრიაში მისთვის ადგილი არ მოიძებნა, რამაც დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიება აიძულა. მომავალი მუსიკოსი რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა უმსხვილესი საავიაციო კორპორაციის „ბოინგის“ ჩათვლით, პარალელურად კი, ღამის კლუბებში მართავდა გამოსვლებს და საკუთარი ხარჯით წერდა კომპოზიციების დემო-ვერსიებს ხმისჩამწერ კომპანიებში გასავრცელებლად.
მართალია, უიზერსის სადებიუტო კომპოზიციამ Ain’t No Sunshine პუბლიკის მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ახალბედა მუსიკოსმა მაინც უარი თქვა საავიაციო კომპანიის დატოვებაზე, რადგან ჩათვალა, რომ მუსიკალური ინდუსტრია სწრაფად ცვალებადი, არასტაბილური სფერო იყო, მას კი, პოპულარული კოლეგების ფონზე არც შემოქმედებითი გამოცდილებაც ჰქონდა, არც ბიზნესის წარმოება ეხერხებოდა.
* * *
უიზერსს 1970 წელს გაუმართლა, როცა მისი დემო-ჩანაწერი კომპანიის Sussex Records-ის წარმომადგენელმა კლარენს ევანტმა მოისმინა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. იუზერსის სადებიუტო ალბომი Just As I Am, რომელიც ცნობილ გიტარისტთან სტივენ სტილსთან თანამშრომლობით ჩაიწერა, 1970 წელს გამოიცა, ტრეკები Ain’t No Sunshine და Grandma's Hands კი, სინგლებად გამოვიდა.
ალბომმა მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა, რამაც უიზერსს ჯგუფის The Watts 103rd Street Rhythm Band-ის მუსიკოსებთან ერთად მასშტაბური ტურნეს მოწყობა გააბედვინა, 1972 წელს კი, სიმღერით Ain't No Sunshine მუსიკოსმა „გრემის“ პირველი პრემია მოიპოვა საუკეთესო R'n'B-კომპოზიციის ნომინაციაში.
* * *
1972 წელს უიზერსმა მეორე ალბომი Still Bill ჩაწერა, სინგლი Lean On Me კი, ჩარტში დაწინაურდა და მთელი კვირით შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია. პოპულარობა მოიპოვა ე.წ. live-ალბომმა Bill Withers, Live At Carnegie Hall, რომელიც 1972 წლის ოქტომბრის თვეში მოწყობილი კონცერტის ჩანაწერად იქცა.
მართალია, ერთი წლის შემდეგ მუსიკოსმა მორიგი ალბომი + 'Justments გამოუშვა, მაგრამ სასამართლო დავამ ხმისჩამწერ კომპანიასთან Sussex Records-თან, რომელმაც კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, დროებით მუშაობის შეჩერება და ახალი პარტნიორების მოძიება აიძულა.
1974 წლის დასაწყისში უიზერსმა ლეიბლთან Gladys Knight & Pips თანამშრომლობით ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, ოქტომბრის თვეში კი, ჯეიმს ბრაუნთან, ეტა ჯეიმსსა და ბი ბი კინგთან ერთად გამართა მასშტაბური კონცერტი ზაირის დედაქალაქ კინშასაში, მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმანის ისტორიული დაპირისპირების შემდეგ, რომელმაც „ჯუნგლებში გრუხუნის“ სახელი შეიძინა. მოგვიანებით მოკრივეების პაექრობაზე დოკუმენტური ფილმი When We Were Kings შეიქმნა, რომელსაც სწორედ უიზერსის მუსიკა დაედო საუნდთრეკად.
1975 წელს უიზერსმა კომპანია Columbia Records-თან გააფორმა კონტრაქტი და ალბომი Making Music, Making Friends გამოუშვა სინგლით She's Lonely, რომელიც მოგვიანებით ფილმში Looking for Mr. Goodbar გაჟღერდა. ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობით ჩაიწერა ალბომებიც Naked & Warm და Menagerie ჰიტებით Lovely Day და 'Bout Love.
მორიგ ლეიბლთან მორიგი კონფლიქტის დროს, რომელიც 1985 წლამდე გაგრძელდა, უიზერსმა მეტწილად აქცენტი კოლაბორაციებზე გააკეთა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჯაზ-საქსოფონისტთან გრუვერ ვაშინგტონთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Just The Two Of Us, რომელიც 1980 წელს „გრემის“ პრემიით აღნიშნა. არანაკლები პოპულარობა მოიპოვეს რალფ მაკდონალდთან და ჯგუფ The Crusaders-თან ერთად შექმნილმა კომპოზიციებმა In the Name of Love და Soul Shadows, სინგლმა Oh Yeah - 1985 წელს გამოსული ალბომიდან Watching You, Watching Me კი, სამკვირიანი ლიდერობა მოიპოვა Top 40 Rhythm & Blues-ის ჩარტში.
1988 წელს ჰიტი Lovely Day ახალმა ვერსიამ Lovely Day (Sunshine Mix), რომელიც უიზერსმა ბენ ლინბარდთან ერთად ჩაწერა, ბრიტანული ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
1987 წელს უიზერსი მეცხრედ იქნა წარდგენილი „გრემის“ ნომინაციაზე, ერთი წლის შემდეგ კი, მესამედ მიიღო მუსიკალური პრემია სიმღერის Lean On Me ახალი ვერსიისთვის, რომელიც ჯგუფის Club Nouveau-ს სადებიუტო ალბომში Life, Love and Pain შევიდა.
1996 წელს უიზერსის სიმღერის Grandma's Hands-ის ეპიზოდი Dr. Dre-ის და Blackstreet-ის ერთობლივ თრეკში No Diggity თრეკში მოხვდა. სინგლმა Billboard Hot 100-ის პირველი პოზიცია დაიკავა და 1,6 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა.
2005 წელს ბილ უიზერსმა კომპოზიტორთა დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი, ორი წლის შემდეგ კი, მისი ჰიტი Lean On Me მოხვდა „გრემის“ დიდების დარბაზში.