უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ გზავნილებს თითქმის ყოველდღე ისმენს. მორიგ ასეთ განცხადებას აშშ-ის სენატისა და 15 ეროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა "საგანგაშო და რეპრესიული" ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს, დასავლური ინტეგრაციის შესახებ. მათივე შეფასებით აღნიშნული კანონი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირ თავდასხმას ემსახურება.