დედაქალაქის მთავარ გამზირზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ საპროტესტო აქციები არ წყდება. დღეს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. მას შემდეგ რაც პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა. დაკავებებს წინ უძღოდა დემონსტრანტების მხრიდან პროტესტის გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ჯოხებისა და მუშტების დარტყმით. სამართალდამცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელები - ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანაც, რომელიც მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა. როგორ ვითარდება მოვლენები დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სალომე ჯაფარიძე მოგვიყვება