* ოზი ოსბორნი -
„ჰევი-მეტალის ნათლიმამად“ წოდებულმა ოზი ოსბორნმა, რომელმაც ექსტრავაგანტური იმიჯითა და ეპატაჟური ქცევით გაითქვა სახელი, მთელი 50 წელი მიუძღვნა მუსიკას. მართალია, ოსბორნის კარიერა ერთგვარ საშინელებათა ფილმს დაემსგავსა აგრესიულ-ბრუტალური საუნდთრეკით, მაგრამ სწორედ მისი შემოქმედება იქცა როკის კლასიკად, თავად მუსიკოსმა კი, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზში.
* * *
სკოლაში ჯონ მაიკლ ოსბორნი უხალისოდ და ცუდად სწავლობდა, რადგან დისლექსიის გამო კონცენტრირებას ვერ ახერხებდა და მარტივი ტექსტის წაკითხვაც ძალიან უჭირდა. მუსიკოსი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე წიგნის წაკითხვა შეძლო მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის სინანულით აღნიშნავს, რომ „კითხვა ის ერთადერთი, თუმცა უდიდესი სიამოვნებაა, რომელიც მიუწვდომელი აღმოჩნდა მისთვის“, თუმცა მედიკოსების მტკიცებით, დისლექსიით დაავადებულები მეტწილად ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები არიან მდიდარი ფანტაზიით, რისი საუკეთესო მაგალითი სწორედ ოსბორნია.
* * *
როკ-ჯგუფის Black Sabbath-ის შექმნადე ოსბორნმა სხვადასხვა სპეციალობაში მოსინჯა შესაძლებლობები - ჯერ ავტომექანიკოსად, მღებავად და სანტექნიკოსად, მერე მშენებლობასა და ქარხანაში მუშაობდა რიგით მუშად. თავად მუსიკოსის განცხადებით, საქმიანობის არცერთი სფერო არ მოეწონა და მხოლოდ შინაური პირუტყვის სასაკლაოზე მოძებნა საკუთარი ადგილი, თუმცა არც იქ შეყოვნდა დიდხანს, რადგან ჩათვალა, რომ ქურდობით უფრო მარტივად შეძლებდა ფულის შოვნას.
მომავალ როკ-ვარსკვლავს არც ამ შემთხვევაში გაუმართლა, რადგან ჯერ მეზობლის სახლიდან მოპარული ტელევიზორი დაეცა ფეხზე და არა მხოლოდ ნაძარცვის დატოვება, არამედ გაქცევა და რამდენიმე დღით დამალვა მოუწია, მერე კი, ტანსაცმლის მაღაზიის გაძარცვა მოინდომა, თუმცა სიბნელეში ვერ დაინახა და ბავშვის ტანსაცმელი გაზიდა, რომელიც ვერსად გაასაღა. მოზარდმა ოზიმ სამთვიანი პატიმრობაც მოიხადა ქურდობისთვის, როცა მისი გამოხდომებით მოქანცულმა მამამ ჭკუის სწავლება გადაწყვიტა და უარი თქვა გირაოს გადახდაზე. ოსბორნის განცხადებით, პედაგოგიურმა მეთოდმა გაამართლა, რადგან ციხეში გატარებული სამი თვის შემდეგ სამუდამოდ თქვა უარი კრიმინალურ საქმიანობაზე. სხვათა შორის, ოზის მეტსახელი მუსიკოსმა სკოლაში შეიძინა, როცა თანატოლებმა გვარის შემოკლებით შეარქვეს სახელი.
* * *
ოსბორნის განცხადებით, მუსიკოსობა Beatles-ის შემოქმედებამ შთააგონა. „არაფერი საინტერესო არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში მანამდე, სანამ The Beatles-ის ჰიტი She Loves You არ მოვისმინე. სამყარო ამოყირავდა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც მუსიკოსობა მინდოდა“, - აღნიშნა ოსბორნმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
* * *
Black Sabbath-ის დატოვების შემდეგ, საიდანაც არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო გააძევეს, ოსბორნმა მუსიკასთან სამუდამოდ დამშვიდობება გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ვერც სოლო შემსრულებლად გამოდგებოდა, ვერც პუბლიკის დაინტერესებას შეძლებდა საკუთარი შემოქმედებით. თუმცა, მუსიკოსი Black Sabbath-ის მენეჯერის ქალიშვილმა შერონ არდენმა გადაარწმუნა, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა.
მეორედ მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა ოსბორნმა 1990-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა მეუღლესთან და შვილებთან მეტი დროის გატარების სურვილით. მეტიც, მისმა ტურნემ ალბომის No More Tears მხარდასაჭერად No More Tours-ის (ანუ „საკმარისია გასტროლების“) სახელი შეიძინა, საკონცერტო ალბომი Live & Loud ამავე ტურის მუსიკალური მასალით კი, მუსიკოსის გათვლით უკანასკნელი უნდა ყოფილიყო მის დისკოგრაფიაში.
* * *
მართალია, 1996 წელს, მცირე შემოქმედებითი პაუზის შემდეგ „მძიმე როკის მამამ“ საკონცერტო მოღვაწეობას დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ პრომოტუერები ნაკლებად აღმოჩნდნენ მისი შემოქმედებით დაინტერესებული, უარით გაისტუმრეს ოსბორნი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Lollapalooza-ს ორგანიზატორებმაც. სწორედ მაშინ შესთავაზა შერონმა მეუღლეს საკუთარი ფესტივალის დაარსება. მუსიკოსმა გაითვალისწინა მეუღლის რჩევა და 1996 წელს Ozzfest შექმნა, რომელიც ყოველ წელს იმართება და მძიმე როკის სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებს მასპინძლობს მთელი მსოფლიოდან.
* * *
ეპატაჟური მუსიკოსის ყველაზე სკანდალურ გამოხდომად 1982 წელს, აიოვას შტატში მოწყობილი კონცერტი ითვლება, როცა ოსბორნმა ღამურას მოაჭამა თავი. როგორც აღმოჩნდა, შოუს დროს ფანებმა ოზის ცოცხალი ღამურა უსახსოვრეს, თუმცა მუსიკოსმა ჩათვალა, რომ უჩვეულო საჩუქარი რეზინის სათამაშო იყო და თამამად ჩაავლო კბილები, არ დააყოვნა არც ღამურამ, რომელმაც საპასუხოდ უკბინა მუსიკოსს. ამბობენ, თითქოს კლინიკაში მიყვანილი ოსბორნი ბრწყინვალედ გრძნობდა თავს, თუმცა ძაღლივით იყეფებოდა და ექიმებს გასინჯვის საშუალებას არ აძლევდა.
* * *
2003 წელს ოსბორნმა ქალიშვილთან დუეტში ჩაწერა Black Sabbath-ის კლასიკური სიმღერის Changes-ის ქავერ-ვერსია, რომელიც რამდენიმე დღეში დაწინაურდა ბრიტანულ ჩარტში და პირველი ლიდერი კომპოზიცია გახდა მუსიკოსის კარიერაში. სწორედ ამგვარი შედეგის წყალობით მოხვდა ოსბორნი გინესის რეკორდების წიგნში როგორც მუსიკოსი ყველაზე ხანგრძლივი ინტერვალით ჩარტში სადებიუტო გამოჩენასა და დაწინაურებას შორის. აღსანიშნავია, რომ პირველად Black Sabbath 1970 წელს მოხვდა ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში, როცა მეოთხე პოზიცია დაიკავა მისმა Paranoid-მა.
* * *
ოსბორნმა მრავალგზის სცადა მართვის მოწმობის აღება, თუმცა უშედეგოდ. მუსიკოსს ყოველთვის საშინლად აშინებდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ამიტომ ერთ-ერთი მცდელობის დროს ზედმეტად ბევრი ტრანკვილიზატორი მიიღო, თუმცა დამშვიდების ნაცვლად საჭესთან ჩაეძინა, გაღვიძებულს კი, გამომცდელის წერილი დახვდა რჩევით, რომ არასდროს ეცადა ავტომობილის მართვა. მუსიკოსმა მხოლოდ 60 წლის ასაკში მე-19 მცდელობით შეძლო საძულველი გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის მიღება.
* * *
ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ოსბორნის გამომწვევი ქცევა და სკანდალური გამოხდომები დიდი ხნით იქცა პრესის განხილვის თემად. მავნე ნივთიერებები, რომელთაც მუსიკოსი წლების მანძილზე იღებდა, მართლაც ფანტასტიკური აღმოჩნდა. მეტიც, ერთ-ერთი შემოწმებისას მედიკოსებს იმის დაჯერებაც გაუჭირდათ, რომ მუსიკოსი საერთოდ ცოცხალი იყო. 2010 წელს „ოზი ოსბორნის ფენომენით“ გენეტიკოსებიც დაინტერესდნენ, რომელთაც მუსიკოსის დნმ-ის სრული გამოკვლევა ჩაატარეს. სპეციალისტების მტკიცებით, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ იმუნიტეტის მსგავსი სიმტკიცე ოსბორნის გენომის იმ უჩვეულო პათოლოგიის დამსახურება აღმოჩნდა, რომელსაც მეცნიერები მანამდე არ იცნობდნენ. სწორედ ამგვარი აღმოჩენის შედეგად დამტკიცდა, რომ ოსბორნის გენომმა, რომელიც ნეანდერტალელი ადამიანის გენსაც შეიცავდა, სერიოზული მუტაცია განიცადა და ბრწყინვალედ მოერგო მავნე ნივთიერებებს.