მმართველი პარტია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელად, უქმე დღეს, 10 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩანიშნა. იმის მიუხედავად, რომ კომიტეტის დღის წესრიგში არ არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ოპოზიციაში მაინც არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით სწორედ პარასკევს განიხილოს. ამავდროულად, ოპოზიციაში კვლავ აქტიურად განიხილება ის გარემოებები, რომლებიც საკამათო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელს შეუშლის. მმართველ პარტიაში კი კვლავ აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ერთი არგუმენტიც კი ვერ დაასახელა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საკამათო კანონპროექტი „რუსული“.