ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნის. საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით“ აპირებენ რუსული მხარის მიწვევა მიიღონ. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყანების უმრავლესობამ, მათ შორის გერმანიამ, გადაწყვიტა, რომ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწროს. გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ასევე განაცხადა, რომ კრემლში წარმომადგენლის გაგზავნას არ აპირებს. პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც შეერთებული შტატები გაგზავნის. დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის რანგში ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 87% მიიღო.