პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აგრძელებს. დღეს, მთავარ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შენობაში შესვლას ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს პარლამენტში მუშაობის უფლება ისევ არ ექნებათ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკამათო კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ მიიღო. თითქმის 10-საათიანი განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე მიკროფონი გაუთიშა, საბოლოოდ კი დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა. კანონპროექტის ავტორები კვლავ იმეორებენ, რომ ამ დრომდე ოპოზიციისგან ვერ მოისმინეს სათანადო არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომაა ეს კანონპროექტი რუსული. „ქართული ოცნების“ ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერები ხალხის მოტყუებას დემაგოგიით ცდილობენ.