თავდაცვის ძალების 33-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა. პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გუშინდელ სახალხო შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა - სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყანაში შავ-ბნელი ძალები საზოგადოების გახლეჩვას ცდილობენ და საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეში აგდებენ. პრეზიდენტის შეფასებით, იმის ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა, ხოლო მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არ არის, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა. ქვეყნის მთავარსარდალმა ამ განცხადებების გამო ირაკლი კობახიძის კრიტიკა დაიმსახურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ღალატსა და კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.