17 მაისს ბელგიის სასამართლო გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება ვაქცინებთან დაკავშირებულ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურაც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენია. საუბარია ე.წ. Pfizergate-ის საქმეზე, რომლის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის აპრილში New York Times-მა გაავრცელა. გამოცების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან ვაქცინის მილიარდ 800 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონით მიმოწერა ჰქონდა და აღნიშნული შეტყობინებები ამ დრომდე არ გასაჯაროვდა. 2023 წლის აპრილში ბელგიაში ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო დოკუმენტების განადგურებასა და კორუფციაში დაადანაშაულეს. ახლა ბელგიის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კანონიერია თუ არა საქმის წარმოებაში მიღების შესახებ ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნა.