სოციალურ ქსელის, „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ში აცხადებენ, რომ ბიზნესის გაყიდვას არ აპირებენ. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიას მის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ქსელი აშშ-ში დაიბლოკება. მანამდე კი „ტიკტოკის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „არაკონსტიტუციურ“ კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ. აშშ-ს პრეზიდენტმა შესაბამისი კანონი წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ მისი მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა ეძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება.