შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად.
POLITICO წერს, რომ პაკეტი, რომელიც შეიძლება პარასკევს გამოცხადდეს, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია.
გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო იარაღს და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო შეხვედრაზე გამოაცხადებს, რომელიც დღეს გაიმართება.