* Modern Talking –
ლეგენდარული გერმანული დუეტი Modern Talking, რომლის შემოქმედება 1980-იანი წლების ევროდისკოს სტილს მიეკუთნება, 1984 წელს შეიქმნა მომღერლის ტომას ანდერსისა და კომპოზიტორის დიტერ ბოლენის შემთხვევითი შეხვედრის წყალობით.
* * *
ადრეული ასაკიდან მუსიკით გატაცებული ბერნდ ვაიდუნგი, რომელიც პუბლიკამ ტომას ანდრესის სახელით გაიცნო, ჯერ ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა, მერე საეკლესიო გუნდში მღეროდა, 16 წლისამ კი, Radio Luxembourg-ის პრესიჟულ კონკურსში მოიპოვა გამარჯვება, რასაც ერთი წლის შემდეგ სადებიუტო ალბომის Judy-ს გამოშვება მოჰყვა. სწორედ მაშინ მოირგო ვაიდუნგმა ტომას ანდრესის სასცენო ფსევდონიმი პროდიუსერის რჩევით, რომელსაც მისი ნამდვილი სახელი ზედმეტად რთულად და კომერციულად არამომგებიანად მოეჩვენა, რადგან ჩათვალა, რომ პუბლიკას ძალიან გაუჭირდებოდა მისი დამახსოვრება.
ანდრესისა და დამწყები კომპოზიტორის დიტერ ბლენის შეხვედრა 1983 წლის თებერვლის თვეში შედგა ბერლინში, ხმისჩამწერ კომპანიაში Hansa Records-ში. ბოლენი ახალგაზრდა შემსრულებელს ეძებდა, ვინც მის ახალ, გერმანულ ენაზე შექმნილ კომპოზიციას შეასრულებდა, რასაც სიამოვნებით გამოეხმაურა ანდრესი. სადებუტო სინგლის შემდეგ, ახალბედა მუსიკოსებმა ჰამბურგში, ბოლენის სტუდიაში გადაინაცვლეს, რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს და მართალია, გერმანული პუბლიკის მოწონება დაიმსახურეს, მაგრამ სწრაფად მიხვდნენ, რომ მსოფლიო აღიარების მოპოვებას მხოლოდ ინგლისურენოვანი კომპოზიციებით შეძლებდნენ.
* * *
1984 წელს ბოლენმა და ანდრესმა ჯგუფი Modern Talking შექმნეს და სადებიუტო კომპოზიციითვე თამამად განაცხადეს საკუთარი არსებობის შესახებ. მართალია, ბოლენი თვლიდა, რომ სიმღერა You're My Heart, You're My Soul მხოლოდ ანდრესს უნდა ემღერა, მაგრამ პროდიუსერების რჩევით კომპოზიცია დუეტში შესრულდა. როგორც ჩანს, პროდიუსერების ინტუიციამ ისევ გაამართლა, რადგან სწორედ ჰიტად ქცეულმა კომპოზიციამ მოუტანა ანდრესისა და ბოლენის დუეტს საერთაშორისო აღიარება.
1985 წელს Modern Talking-მა მორიგი ჰიტით გაახარა პუბლიკა. ახალი კომპოზიცია Cheri, Cheri, Lady ჩარტებში დაწინაურდა და 250 ათასიანი ტირაჟით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. წარმატებულ სტარტს და უამრავ პრესტიჟლ პრემიას, მეტად შედეგიანი სამი წელი მოჰყვა. მუსიკოსებმა, რომელთაც მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინეს, ექვსი ალბომი და რამდენიმე მსოფლიო ჰიტი ჩაწერს, თუმცა წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1987 წელს, ბოლენისა და ანდრესის უთანხმოების შემდეგ ჯგუფი სკანდალით დაიშალა.
მართალია, კონფლიქტის მიზეზად მუსიკოსებმა ვერ გაყოფილი საავტორო უფლებები დაასახელეს, მაგრამ მოგვინებით გაირკვა, რომ დაპირისპირება და წარმატებული დუეტის დაშლა ანდრესის მეუღლემ - ნორა ბალინგმა გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ზედმეტად პატივმოყვარე და ამბიციური ქალბატონი არა მხოლოდ ჯგუფის მესამე წევრობაზე, არამედ დირექტორობასა და პროდიუსერობაზეც აცხადებდა პრეტენზიას, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ბოლენისთვის. მუსიკოსი მანამდეც ხშირად გამოთქვამდა საკუთარ უკმაყოფილებას, რადგან ბალინგი ყოველთვის თავგამოდებით ცდილობდა ჯგუფის შემოქმედებითი ცხოვრების გაკონტროლებასა და საკუთარ სურვილებს მორგებას. მეტიც, ბოლენის განცხადებით, რამდენიმე კონცერტი სწორედ მისი კაპრიზების გამო ჩაიშალა, როცა მოულოდნელად მოინდომა მეუღლესთან ერთად შვებულების მოწყობა და ეგზოტიკურ ქვეყნებში გამგზავრება.
* * *
დუეტის დაშლის შემდეგ, ბოლენმა ახალი ჯგუფი Blue System შექმნა, ანდრესმა კი, სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. ყოფილი მეგობრები წლების მანძილზე ებრძოდნენ ერთმანეთს პრესის ფურცლებიდან და ეჯიბრებოდნენ მკვახე გამონათქვამებში. ბოლენი ამტკიცებდა, რომ ანდრესი ვერასდროს შეძლებდა დამოუკიდებლად მუშაობას, ანდრესი კი პირიქით, უნიჭობისა და უგემვნობისთვის ჰკიცხავდა ყოფილ კოლეგას.
ურთიერთბრალდების მიუხედავად, მეტ-ნაკლები წარმატების მოპოვება ორივე მუსიკოსმა შეძლო. Blue System-მა 13 ალბომი, 30 სინგლი და 23 მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, ანდრესმა კი, 6 ალბომი ჩაწერა, პოპულარული საცეკვაო შოუს წამყვანი გახდა და ეპიზოდური როლი შეასრულა მარგარეტ ფონ ტროტას ექსპერიმენტულ ფილმში.
* * *
მართალია, არავის სჯეროდა, მაგრამ 1998 წელს, Modern Talking-ის დაშლიდან 11 წლის შემდეგ ბოლენმა და ანდრესმა საკულტო დუეტის აღდეგის შესახებ განაცხადეს, რითაც პირველ რიგში თაყვანისმცემლები გაახარეს. როგორც აღმოჩნდა, ერთი შეხედვით დაუძლეველი კონფლიქტის მიუხედავად, 1993 წელს, ანდრესის მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მუსიკოსებმა მაინც შეძლეს შერიგება და ერთმანეთისთვის წყენის პატიება. მეტიც, ბოლენი და ანდრესი სისტემატურად ურთიერთობდნენ, ერთმანეთის საქმიანობით ინტერესდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენ ტელეფონით.
მუსიკოსების საზეიმო შერიგება პოპულარულ გერმანულ შოუში Wetten, dass-ში შედგა. გადაცემის ავტორებმა მეტად ორიგინალური პერფორმანსი მოაწყვეს, როცა სცენაზე სიმბოლური კედელი აღმართეს, რომელიც ბოლენმა და ანდრესმა ერთად დაანგრიეს, მერე კი საჯაროდ განაცახდეს ჯგუფის აღდგენის შესახებ.
* * *
მუსიკოსებმა იმავე წელს გამოუშვეს ალბომი Back For Good, რომელმაც ოთხი ახალი სიმღერა და ძველი კომოზიციების საცეკვავო რემიქსები გააერთიანა. ახალმა ნამუშევარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან სამ თვეში ორჯერ მოიპოვა პლატინის სტატუსი. ტრიუმფალური დაბრუნების მიუხედავად, Modern Talking-მა მხოლოდ ხუთი წელი იარსება და საბოლოოდ დაიშალა, მუსიკოსებმა კი, სასამართლო დარბაზში გააგრძელეს ურთიერთობის გარჩევა.
მართალია, მორიგი სკანდალი პუბლიკისთვის ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ ბოლენის წიგნი „არაფერი სიმართლის გარდა“, რომელშის ავტორმა კოლეგასთან ურთიერთობის ყველა უხეხულ დეტალზე, მათ შორის ანდრესის ფინანსურ მაქინაციებზე მოუთხრო მკითხველს, მაინც ბესტსელერად იქცა და რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. არ დაიხია უკან არც ანდრესმა, რომელმაც ცრუ ბრალდებებში, ჯგუფის საერთო ბიუჯეტის ძარცვაში დაადანაშაულა კოლეგა, სასამართლოში უჩივლა და მოიგო კიდეც პროცესი. მეტიც, სასამართლომ არა მხოლოდ მორალური ზარალის ანაზღაურება დაავალა ბოლენს, არამედ წიგნის მთელი ტირაჟის თავიდან გამოცემაც აიძულა.
ავტობიოგრაფიული წიგნი „100% ანდრესი. ჩემი ცხოვრება: სიმართლე Modern Talking-ზე, ნორასა და დიტერ ბოლენზე“ გამოუშვა ანდრესმაც, თუმცა ამჯერად თავად იქცა ბრალდებულად, რადგან ყოფილმა მეუღლემ ნორა ბალინგმა მისი მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზებისთვის უჩივლა. სასამართლომ ბალინგის პოზიცია გაიზიარა და ანდრესს არა მხოლოდ ჯარიმის - 100 ათასი ევროს გადახდა, არამედ შეურაცხმყოფელი ციტატების ტირაჟიდან ამოღებაც დაავალდებულა.