ქვეყნები სამხედრო ხარჯებს ზრდიან. გლობალურმა სამხედრო ხარჯმა გასულ წელს 2.4 ტრლნ დოლარს მიაღწია, რაც, წინა წელთან შედარებით, 6,8%-ით მეტია, ხოლო 2009 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში წერია. განსაკუთრებით ძლიერი ზრდა ევროპაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირდა. 2023 წელს მსოფლიოს 10 უდიდესი მოთამაშიდან, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერობით, სამხედრო ხარჯი ყველამ გაზარდა. რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, ომში მყოფი ამ ორი ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ხარჯი 2023 წელს 24%-ით გაიზარდა და 109 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის, ანუ ყირიმის ანექსიის შემდეგ 57%-ით მეტია. გასულ წელს რუსეთის სამხედრო ხარჯი მთლიანი სახელმწიფო ხარჯის 16%-ს, ხოლო სამხედრო დატვირთვა, ანუ სამხედრო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 5,9%-ს შეადგენდა. რაც შეეხება უკრაინას, 2023 წელს ქვეყანამ მერვე ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც სამხედრო ხარჯი 51%-ით, 64.8 მლრდ დოლარამდე გაზარდა, რამაც მთლიანი სახელმწიფო ხარჯის 58% შეადგინა. ამან მშპ-ზე უკრაინის სამხედრო დატვირთვა 37%-ით გააძლიერა. NATO-ს წევრი 31 სახელმწიფოს ხარჯმა 2023 წელს 1.3 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გლობალური სამხედრო ხარჯის 55%-ს უდრის. აშშ-ის სამხედრო ხარჯი გასულ წელს 2,3%-ით გაიზარდა და მან 916 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც NATO-ს მთლიანი სამხედრო ხარჯის 68%-ს შეადგენს. 2023 წელს ხარჯი NATO-ს ევროპელი წევრების უმრავლესობამაც გაზარდა, რომლის ერთობლივმა წილმაც ალიანსის მთლიანი ხარჯის 28% შეადგინა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დანარჩენი 4% კანადისა და თურქეთის წილია. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სამხედრო ხარჯი 2023 წელს პოლონეთმა გაზარდა, რომელიც ამ მხრივ მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. 2022-2023 წლებში 75%-იანი ზრდის შემდეგ ქვეყნის სამხედრო ხარჯმა 31.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წლიური ზრდაა. სამხედრო დანახარჯებით მსოფლიოში მეორე უმსხვილესმა ქვეყანამ, ჩინეთმა 2023 წელს ამ მიზნისთვის, დაახლოებით, 296 მლრდ დოლარი გამოყო, რაც, 2022 წელთან შედარებით, 6%-ით მეტია. ეს ჩინეთის სამხედრო ხარჯის ზედიზედ 29-ე ყოველწლიური ზრდაა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მთლიანი სამხედრო ხარჯის ნახევარი ჩინეთის წილია. მისი რამდენიმე მეზობელი საკუთარი ხარჯის ზრდას სწორედ ჩინეთის სამხედრო ხარჯის ზრდას უკავშირებს.