მესტიის აეროპორტს ახალი ტერმინალი ექნება. ტერმინალის მშენებლობის პროექტირებისთვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ტენდერში, კომპანია „გრინ სტუდიომ“ გაიმარჯვა. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, „გრინ სტუდიო“ ახალი ტერმინალის პროექტს 390 000 ლარად მოამზადებს. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმაც ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად საჭიროა განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაშიც შიდა აეროპორტების განვითარებაც მოიაზრება. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი თანამედროვე სტანდარტების აეოპორტი ხელს შეუწყობს როგორც სვანეთში ტურისტების რაოდენობის ზრდას, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები და ტურისტების მომსახურებისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.