სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ერაყიდან, სულ მცირე, ხუთი რაკეტა გაუშვეს. „როიტერსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამშვები დანადგარი მცირე ზომის სატვირთო მანქანაზე იყო დამაგრებული, რომელიც სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ზუმარში იყო განთავსებული. გამოცემის ცნობით, სატვირთო მანქანას ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი რაკეტა გაშვებამდე აფეთქდა, თუმცა ამის პარალელურად ცაზე სამხედრო ვერტმფრენები შეინიშნებოდა. ერაყის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ სირიის საზღვართან ახლოს ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს, ხოლო დამნაშავეების პოვნის შემთხვევაში, ისინი პასუხს მართლმსაჯულების წინაშე აგებენ. უსაფრთხოების ძალებში ადასტურებენ, რომ სატვირთო მანქანა საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ კვირას ერაყის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შია ალ-სუდანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა. აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყის პრემიერს თეთრ სახლში უმასპინძლა.