უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს.
”ვფიქრობ, რომ ეს დახმარება ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა ნამდვილად მიიღებს იარაღის სისტემას, რომელიც ასე გვჭირდება, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ათასობით ჯარისკაცს,” - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში.
მან იმედი გამოთქვა, რომ სენატი მიმდინარე კვირაში მიიღებს კანონპროექტს, რომელიც შაბათს კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა.
„გვინდა, მივიღოთ ხელშესახები დახმარება ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის რაც შეიძლება მალე - არა ექვს თვეში - რათა მათ შეძლონ წინსვლა,” - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.
„გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა ხალხი არ დავკარგოთ ფრონტის ხაზზე, რადგან გვყავს, გვყავს მსხვერპლი. ჩვენი იარაღი არც ისე შორ მანძილზე მოქმედებს. გვჭირდება ეს და საჰაერო თავდაცვა. ეს არის ჩვენი პრიორიტეტები ახლა. ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ინიციატივის აღების შანსი და სწორედ ამიტომ გვჭირდება გვქონდეს იარაღის სისტემები“, - დასძინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა.