საქართველოს პარლამენტის მიერ „საგადასახადო კოდექსში“ დამტკიცებული ცვლილებები პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ოპოზიცია თვლის, რომ მმართველი გუნდი ხალხის ძარცვას აგრძელებს, კანონის მიღება კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი იყო. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ქვეყანაში შავი ფულის მარტივად შემოტანისა და ოლიგარქების დაცვისთვის მიიღო. “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ. გარდა ამისა საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.