„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი კვლავ იწვევს დასავლეთის შეშფოთებასა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკას. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროპამ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. ყვითელი ბარათი არაერთხელ უჩვენა და თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, სანქციების საფრთხეც დაემუქრება. მათივე განმარტებით, შეუძლებელია, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის დემოკრატიულობაზე მაშინ საუბრობდეს, როდესაც ის მხოლოდ დუგინსა და ლავროვს მოსწონთ. ევროპელი ლიდერებისა და პოლტიკური ოპონენტების კრიტიკას „ქართული ოცნება“ უცვლელი რიტორიკით პასუხობს. მედიასთან საუბრისას, პარტიის ლიდერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, ამ კანონის გადახედვაც შესაძლებელი გახდება.