ირანის მთავრობის წევრმა „როიტერს“ განუცხადა, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმის შეზღუდული მასშტაბი და ირანის მდუმარე პასუხი, იმ დიპლომატების წარმატებულ ძალისხმევაზე მიანიშნებს, რომლებიც მასშტაბური ომის თავიდან ასაცილებლად განუწყვეტლად მუშაობენ. ამერიკული მედიის ცნობით, ღამით ისრაელმა ირანში არსებულ სამიზნეებზე „შეზღუდული“ საპასუხო დარტყმა განახორციელა. აფეთქებები ქალაქ ისპაჰანთან მოხდა. ირანის სახელმწიფო სააგენტოებმა დაწერეს, რომ ქვეყნის რიგ პროვინციებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო თვითმფრინავების მიახლოებას უპასუხეს. ისპაჰანის პროვინციაში ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხო მდგომარეობაა. ამასთან, ირანელმა სამმა ოფიციალურმა პირმა „ნიუ იორკ თაიმსს“ დაუდასტურა, რომ თავდასხმის სამიზნე ისპაჰანის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა იყო.