დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს საპროტესტო აქციებზე 12-ი დაკავებულის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. მათივე ცნობით, დაზარალებულ მოქალაქეებს სხეულის მძიმე დაზიანებები - ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაბეჟილობა და სილურჯეები აღენიშნებათ. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, უფლებადამცველები საგამოძიებო უწყების მხრიდან სრულფასოვანი გამოძიების დაწყებას ითხოვენ.