„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მთელი ღამის განმავლობაში 2 ადგილას - პარლამენტთან და ასევე მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარეობდა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ ღამის 11 საათისთვის გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც სადაო დოკუმენტის უკან გასაწვევად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთ საათიანი ვადა ამოიწურა. პროტესტის მონაწილეები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და მოცემულ კანონპროექტზე საუბარს სთხოვდნენ, თუმცა მთავრობის მეთაური მათ არ გამოეხმაურა. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 2 მოქალაქე დააკავა. რაც შეეხება მომდევნო აქციის დროსა და ლოკაციას, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.