* Scorpions - საინტერესო ფაქტები
1965 წელს, გერმანულ ჰანოვერში შექმნილმა Scorpions-მა მძიმე მეტალის ჟღერადობითა და უძლიერესი ბალადების წყალობით გაითქვა სახელი. მართალია, ათწლეულების მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე ათეული ჰიტი გამოუშვა, მაგრამ მის სავიზიტო ბარათად მაინც კომპოზიცია Wind of Change ითვლება, რომელიც თანამედროვე როკის შედევრად იქცა.
* * *
ერთი შეხედვით მუსიკალური ჯგუფისთვის უჩვეულო სახელი მუსიკოსებმა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შეარჩიეს. 1960-იან წლების მუსიკალურ ინდუსტრიაში ძალიან მოდური იყო ფლორისა და ფაუნისგან ნასესხები სახელების გამოყენება. არ ჩამორჩა საერთო ტენდენციას არც რუდოლფ შენკერი მეგობრებთან ერთად, რომელთაც „მორიელებად“ გააცნეს პუბლიკას საკუთარი თავი.
* * *
ჯგუფის შემქმნელი და გიტარისტი რუდოლფ შენკერი მთელი ბავშვობა სტილისტობაზე ოცნებობდა, უკვე ზრდასრულმა კი, ელექტრიკოსის პროფესია აირჩია და მხოლოდ მოგვიანებით დაინტერესდა მუსიკით. პირველი გიტარა რუდოლფმა მე-14 დაბადების დღეზე მიიღო მამისგან საჩუქრად, თუმცა დიდხანს ამბობდა უარს დაკვრაზე, რადგან მოპედის მიღებას ელოდა საჩუქრად და სწორედ ასე გამოხატა წყენა მამის მიმართ.
ჯგუფის გიტარისტი ჯეიმს კოტაკი პროფესიონალი მოტომრბოლელი იყო, რომელმაც პირველად 12 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა რალიში და წლების მანძილზე ასპარეზობდა პროფესიონალურ დონეზე, ვოკალისტს კლაუს მაინეს კი, რომელმაც დიზაინის კოლეჯი დაასრულა, მერე კი, რამდენიმე წელი ტაქსის მძღოლად იმუშავა, არასდროს უფიქრია როკ-მუსიკოსის კარიერაზე, რადგან მუზიცირება დროის ფუჭად კარგვად მიაჩნდა
* * *
1981 წლის გაზაფხულზე, მერვე სტუდიურ ალბომზე Blackout-ზე მუშაობისას ჯგუფის ვოკალისტმა კლაუს მაინემ ხმა დაკარგა. მართალია, ნამდვილ განაჩენად იქცა გერმანელი მედიკოსების დიაგნოზი, რომელთა პროგნოზით მაინე ვეღარასდროს შეძლებდა სიმღერას, მაგრამ მუსიკოსმა არ მოინდომა დანებება და მეტად რთული ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა, თუმცა შედეგი ნაკლებად სანუგეშო აღმოჩნდა, რადგან ოპერაციულმა ჩარევამ გართულებები გამოიწვია და კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა.
პირველ მცდელობას, მეორე ბევრად სარისკო ოპერაცია მოჰყვა. გერმანიისა და ავსტრიის საუკეთესო სპეციალისტებმა საერთო ძალით სცადეს მუსიკოსის და მასთან ერთად მთელი ჯგუფის გადარჩენა, თუმცა არც მათი პროგნოზი აღმოჩნდა მაინცდამაინც სანუგეშო. მეტიც, ექიმებმა არა თუ სიმღერა, ხმამაღლა ლაპარაკიც კი აუკრძალეს მაინეს. იმედგაცრუებული მუსიკოსი ბედს შეეგუა, 7 თვის შემდეგ კი, ყველასთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მოულოდნელად ამღერდა. „ნამდვილი საოცრება მოხდა, რადგან კლაუსი ადრინდელზე უკეთ ამღერდა, მისი ხმა ბევრად მძლავრად და მკაფიოდ გაჟღერდა“, - გაიხსენა მოგვიანებით შენკერმა. სხვათა შორის, ალბომი Blackout, რომლის გამოშვება სწორედ მაინეს გამო აღმოჩნდა რისკის ქვეშ, მოგვიანებით ჟურნალ Classic Rock-ის „ყველა დროის 100 საუკეთესო როკ-ალბომის“ ნუსხაში შევიდა.
* * *
Scorpions-მა სწრაფად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა, რომელიც ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნა. მართალია, ჯგუფმა გრანდიოზული გამოსვლები მოაწყო პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე, მაგრამ 2006 წელს მონღოლეთის დედაქალაქში - ულან-ბატორში გამართული კონცერტი, რომელსაც 100 ათასი მსმენელი დაესწრო, მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ მანამდე მსგავსი მასშტაბის კონცერტი მონღოლეთის დედაქალაქში არცერთ მუსიკალურ კოლექტივს გაუმართავს.
* * *
მე-10 სტუდიური ალბომის Savage Amusement-ის გარეკანის გაფორმების შეთავაზებით, Scorpions-ის მენეჯერებმა ცნობილ ამერიკელ მხატვარს ენდი უორჰალს მიმართეს, რომელიც მართალია, დათანხმდა შეთავაზებას, თუმცა ზედმეტად ბევრი მოინდომა და არა მხოლოდ ნაკრების გაყიდვაზე საავტორო უფლება, არამედ ყოველი გაყიდული ალბომის შემოსავლიდან 3 პროცენტი მოითხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
* * *
1984 წელს, Scorpions-ის კონცერტი ნიუ-იორკის Madison Square Garden-ში ახლად შექმნილმა ჯგუფმა Bon Jovi-მ გახსნა, რომელსაც მასიური კონცერტების მოწყობის ნაკლები გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ახალბედა მუსიკოსები სტვენით გააცილა Scorpions-ის ათასობით ფანმა. რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა მოუწყვეს მელომანებმა Bon Jovi-ს 2008 წელს, როცა სოლიდური გამოცდილებისა და სტაჟის მქონე ჯონ ბონ ჯოვიმ მეგობრებთან ერთად მოაწყო მასშტაბური კონცერტი.
* * *
სხვათა შორის, Scorpions-ის მუსიკას ევროპული და ამერიკული კლინიკები ხშირად იყენებენ მუსიკალური ფსიქოთერაპიის დანიშნულებით.
* * *
მართალია, Wind of Change კლაუს მაინემ ბერლინის კედლის დაცემას მიუძღვნა, მაგრამ კომპოზიციამ ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ჯერ ცივი ომის დასრულებასა და ევროპაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილების სიმბოლოდ, მერე იმედის და თავისუფლების ჰიმნად იქცა მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, მაინემ სწორედ სიმღერის შექმნით გადაუხადა მადლობა კოლეგებს, რომლებიც ხმის იოგებზე მძიმე ოპერაციის შემდეგ ამოუდგნენ მხარში და როგორც თავად აღნიშნა, „არ მისცეს დამარცხების უფლება“ .
არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა სიმღერის კლიპი, რომელმაც საომარ მოქმედებებში ჩაბმული სამყარო და მილიონობით უდანაშაულოდ ჩაგრული ადამიანი ასახა. Wind of Change სწრაფად იქცა მსოფლიო ჰიტად და ათობით ევროპული ქვეყნის ჩარტის ლიდერი გახდა. მეტიც, კომპოზიცია ამერიკულ ჰიტ-აღლუმშიც დაწინაურდა და ჯგუფის ერთადერთი ნამუშევარი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.