* ლაკი ლუჩანო -
ჩარლზ ლუჩანოს, რომელიც სამყარომ „იღბლიანის“ მეტსახელით გაიცნო, კრიმინალისტები შეერთებული შტატების დანაშაულებრივი სამყაროს „ნათლიმამად“ მიიჩნევენ, რადგან მართალია, მაფია ამერიკაში მანამდეც არსებობდა, მაგრამ დაპირისპირებული კლანების შერიგებითა და გაერთიანებით, სწორედ მან შექმნა პირველმა ერთიანი, გამართული და ძლევამოსილი ორგანიზაცია.
* * *
სალვატორე ლუკანია 1897 წლის 24 ნოემბერს დაიბადა სიცილიის მთებში ჩაკარგულ პატარა ქალაქ ლეკრარა-ფრიდიში, ყველასთვის კარგად ცნობილი ქალაქის - კორლეონეს მეზობლად, რომელიც მარიო პიუზომ განგსტერების ერთგვარი კრებითი ლიტერატურული სახის - დონ კორლეონეს სამშობლოდ აქცია. სალვატორე მესამე შვილი იყო ანტონიოსა და როზალის მრავალშვილიან ღატაკ ოჯახში, რომლის ერთადერთ შემოსავალს გოგირდის მაღაროში უფროსი ლუკანიას მძიმე შრომით მოპოვებული მოკრძალებული ანაზღაურება წარმოადგენდა და როცა არც ის აღმოჩნდა საკმარისი, ოჯახი შორეულ ამერიკაში გადაბარგდა და ნიუ-იორკში, ქვემო ისტ-საიდში დასახლდა.
14 წლის სალვატორემ, რომელიც სიღატაკიდან თავის დაღწევაზე ოცნებობდა, სინანულის გარეშე მიატოვა სკოლა და მართალია, ქუდების მაღაზიაში დაიწყო კურიერად მუშაობა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ პატიოსანი შრომა არასდროს მოუტანდა ხეირს და გამდიდრების სხვა გზების ძიება დაიწყო - საკუთარ ბრიგადას მოუყარა თავი და იმ ებრაელ მოზარდებს შესთავაზა დაცვა, ვისაც იტალიური და ირლანდიური ბანდები არ აძლევდნენ მოსვენებას.
რა თქმა უნდა, ემიგრანტებით გადატვირთული ქვემო ისტ-საიდი არც კრიმინალების სიმცირეს უჩიოდა, არც ჩაგრულების, ამიტომ მოზარდმა ლუკანიამ სწორედ მათ ხარჯზე გადაწყვიტა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ერთ დღეს კი, ებრაელ მოზარდს მეერ სუხომლიანსკის - მოგვიანებით, მეერ ლანსკის სახელით ცნობილ განგსტერს გადაეყარა, რომელიც ბელორუსში ებრაელების დარბევას გამოქცეული, მშობლებთან ერთად აღმოჩნდა ნიუ-იორკში.
მეერს საკუთარი ბანდა ჰყავდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ორი მოზარდის ინტერესები გადაიკვეთა, თუმცა თანატოლებისგან განსხვავებით, ლიანსკი არც იტალიელების ასაკობრივ, არც რიცხობრივ უპირატესობას არ შეუშინდა და თავად გადავიდა შეტევაზე, რითაც ლუკანიას პატივისცემა დაიმსახურა და სწორედ ასე დაიწყო მათი მეგობრობა, რომელიც მოგვიანებით საქმიან პარტნიორობაში გადაიზარდა და მთელი ცხოვრება გაგრძელდა.
სალვატორეს საშინლად არ მოსწონდა საკუთარი სახელი, რადგან კნინობითი „სალი“ ნაკლებად მამაკაცურად ეჩვენებოდა, ამიტომ ჯერ ჩარლი გახდა, მერე გვარიც ამერიკულ ყაიდაზე ლუჩანოდ გადაიკეთა და ერთ მშვენიერ დღეს, იტალიელი სალვატორე ლუკანია ამერიკელ ჩარლი ლუჩანოდ იქცა, მოგვიანებით კი, როცა მოკვლის სურვილით ყელი გამოჭრეს და მხოლოდ საოცრების წყალობით გადაურჩა სიკვდილს, „ლაქის“ ანუ „იღბლიანის“ მეტსახელი მიისაკუთრა.
* * *
პირველი მსხვილი შემოსავალი ჩარლი ლუჩანომ შეერთებულ შტატებში მშრალი კანონის გამოცხადებისთანავე მიიღო, რადგან ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდა ხელს და არაფერს ერიდებოდა - ბუტლეგერობით და ნარკოტიკებით ვაჭრობით დაწყებული, პროსტიტუციით, დაკვეთილი მკვლელობისა და იატაკქვეშა აზარტული თამაშების მოწყობით დასრულებული. „იღბლიანი“ ახალგაზრდა ყველა წამოწყებაში მოგებას პოულობდა და ნებისმიერ კრიმინალს ბიზნესად აქცევდა. „არ არსებობს პატიოსნად ან თაღლითობით ნაშოვნი ფული, რადგან არსებობს მხოლოდ ფული!“- ხშირად იმეორებდა ლუჩანო, რომელმაც სწრაფად ჩაიგდო ხელში ნიუ-იორკის საროსკიპოების ქსელი და მაფიის ბოსებს შორის პირველმა გააბა თანამშრომლობა სხვა ეთნიკური ჯგუფის კრიმინალებთან.
სწორედ ლუჩიანომ გაუკვალა გზა ნარკოტიკებით ვაჭრობას, მუდმივი კლიენტების შესაძენად და საიმედო ბაზრის შესაქმნელად კი, შავკანიანთა ღარიბ კვარტალებში დაიწყო ჰეროინის „ფასდაკლებით“ გაყიდვა. მანვე შექმნა მაფიის ბრძანების შემსრულებელ ქილერთა ბრიგადა „მკვლელობის კორპორაცია“ და „კომისიად“ წოდებული მაფიის დირექტორთა საბჭო, მერე კი, ნიუ-იორკი ხუთ - ბონანოს, კოლომბოს, გამბინოს, ლუკეზისა და ლუჩანოს ოჯახებს შორის გადაანაწილა, რათა თავიდან აეცილებინა უსარგებლო დაპირისპირება და სისხლისღვრა, რაც სერიოზულად აფერხებდა ბიზნესის განვითარებას.
* * *
1935 წელს, „კომისიას“ პირველი სერიოზული პრობლემის გადაჭრა მოუხდა, როცა „ჰოლანდიელ შულცად“ წოდებულმა არტურ ფლეგენჰაიმერმა შტატის პროკურორის ტომას დიუის მოკვლის ნებართვით მიმართა. შულცის განაწყენება პროკურორის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც სერიოზულად მოკიდა ხელი ნიუ-იორკის დანაშაულებრივ სამყაროს და პირველ სამიზნედ სწორედ „ჰოლანდიელი“ აირჩია, თუმცა, „კომისიამ“ არ მისცა განგსტერს ჩანაფიქრის განხორციელების უფლება, რადგან ჩათვალა, რომ მაღალჩინოსნის მკვლელობა მხოლოდ გააღიზიანებდა ხელისუფლებას და შეტევაზე გადასვლის საბაბს მისცემდა.
უარით განაწყენებულ შულცს ნერვებმა უმტყუნა და „კომისიის“ წევრები ჯერ ბიზნესის წართმევაში, მერე პრინციპების ღალატში დაადანაშაულა. თავხედობით შეურაცხყოფილმა „კომისიამ“ მართალია, „ჰოლანდიელი“ მშვიდად გაისტუმრა, მაგრამ რამდენიმე დღეში სინანულის გარეშე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, აღსრულება კი, ალბერტ ანასტაზიას დაევალა, რომელმაც შეკვეთა ქილერებს გადააბარა „მკვლელობის კორპორაციიდან“. გამოცდილმა ქილერებმა ნიუარკში, „პელეს-ჩოპჰაუზის“ რესტორნის საპირფარეშოში მიაგნეს მსხვერპლს და ორი მჭიდიც დაახალეს. მძიმედ დაჭრილ განგსტერს ძალიან არ უნდოდა სიცოცხლის დასრულება საპირფარეშოს იატაკზე და სანამ მის თანაშემწეებს ორმხრივი სროლა ჰქონდათ გამართული დაქირავებულ მკვლელებთან, თვითონ რესტორნის დარბაზში გავიდა და მაგიდას მიუჯდა, მოგვიანებით კი, ჰოსპიტალში გადაყვანილი გარდაიცვალა პერიტონიტით.
* * *
მართალია, შულცის სიკვდილმა ერთი პრობლემა გადაჭრა, მაგრამ მეორე და ბევრად სერიოზული შეიქმნა, რადგან პროკურორმა ახალი სამიზნის შერჩევა გადაწყვიტა და რა თქმა უნდა, თვალი „ლაქი“ ლუჩანოს დაადგა, მისი საქმიანობის ყურადღებით შესწავლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მაფიის ბოსი არასდროს მოქმედებდა პირადად, ყველა ბრძანებას ხელქვეითების დახმარებით გასცემდა და ამიტომ, მისი დანაშაულზე გამოჭერაც არავის გამოსდიოდა. თუმცა, დიუიმ მაინც არ დაიხია უკან, საროსკიპოების ქსელს მიადგა და 1936 წლის თებერვლის თვეში შეტევაზე გადავიდა.
ნიუ-იორკის პოლიციამ 200-ზე მეტ საროსკიპოში განახორციელა რეიდი და მსუბუქი ყოფაქცევის ასობით ქალბატონთან ერთად, ათეულობით ერთგული კლიენტიც დააპატიმრა, თუმცა თუ მანამდე დაპატიმრებულებს რამდენიმე საათში ათავისუფლებდნენ, ახლა „მხიარული კომპანია“ სასამართლოში მიაბრძანეს და თითოეულს 10 000-დოლარიანი გირაო დააკისრეს, რაც აშკარად აღემატებოდა მათ ფინანსურ შესაძლებლობებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დაკავებულები სიამოვნებით დათანხმდნენ მაფიის ბოსის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. სამი მოწმე სწრაფად გამოტყდა, რომ ქსელის ნამდვილი მფლობელი სწორედ ლუჩანო იყო, დევიდ პეტილო, მეტსახელად „პატარა დევი“ კი, რომელიც საროსკიპოების საქმიანობას უძღვებოდა, მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებდა.
მთავარ მოწმედ ცნობილი განგსტერის ჯიმი ფრედრიქსის საყვარელი ფლორენს ნიუმანი იგივე ფლო ბრაუნი იქცა, რომელმაც შემთხვევით მოისმინა მამაკაცების საუბარი, როცა ისინი საროსკიპოების ერთ ქსელში გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავდნენ. სხვათა შორის, ფლო დიდხანს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ საროსკიპოს მანჰეტენზე, თუმცა კოკაინზე დამოკიდებულებამ ძველ საქმიანობას დაბრუნება აიძულა და როცა, ძიებასთან თანამშრომლობასა და 7-წლიან პატიმრობას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია, რა თქმა უნდა პირველი აირჩია, თუმცა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ უარი თქვა საკუთარ აღიარებაზე და განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა პროკურორმა აიძულა.
* * *
1936 წლის მარტში, „უოლდფორდ-ასტორიას“ პენთჰაუსზში ჩარლზ როსის სახელით დაბინავებულმა ლუჩანომ, მოულოდნელად შეიტყო სასტუმროს მოსყიდული თანამშრომლისგან, რომ დეტექტივები, რომლებიც მის დაკავებას ცდილობდნენ, უკვე გზაში იყვნენ და მალე კარზეც მიუკაკუნებდნენ. არასასიამოვნო სიუპრიზის მიუხედავად ლუჩანო არ დაიბნა და დანებებას, ისევ გაქცევა ამჯობინა, ჯერ ფილადელფიაში გაემგზავრა, მერე კლივლენდში, საიდანაც მატარებლით არკანზასის შტატში, აზარტული თამაშების ცენტრად ქცეულ პატარა ქალაქ ჰოთ-სპრინგში ჩავიდა და მეგობართან, ნიუ-იორკელ განგსტერ ოუენ მედენთან დაბინავდა. არ ჩამორჩა მეტოქეს არც პროკურორი ტომას დიუი, რომელმაც ლუჩანო „სახელმწიფოს ნომერ პირველ მტრად“ გამოაცხადა და მთელ ქვეყანაში გაგზავნა მისი მონაცემები, საერთო ნაციონალური ნადირობა გამოაცხადა და მახეშიც მოიმწყვდია.
1936 წლის აპრილის თვეში ჰოთ-სპრინგში საკუთარ საქმეზე ჩასული ნიუ-იორკელი დეტექტივი სტივ ბრენანი, შემთხვევით გადაეყარა ლუჩანოს, რომელიც ქალაქის მთავარ ქუჩაზე ადგილობრივი პოლიციის უფროსთან ერთად მისეირნობდა და მხიარულად საუბრობდა. ბრენანი ზრდილობიანად გაეცნო განგსტერს და მასთან ერთად ნიუ-იორკში შესთავაზა დაბრუნება, რაზეც ასევე ზრდილობიანი უარი მიიღო, რადგან აღმოჩნდა, რომ ლუჩანოს ძალიან მოსწონდა გაზაფხულის არკანზასი და სწორედ იქ ერჩივნა დარჩენა.
მართალია, პოლიციამ "იღბლიანი" მეორე დღეს ნიუ-იორკელი პროკურორის მოთხოვნით დააკავა, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და დიუის რისხვაც დაიმსახურა, რომელიც არკანზასის გენერალურ პროკურორთან ერთად გუბერნატორსაც თანამდებობის დატოვებით დაემუქრა და ლუჩანოც ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. მედენი დიდხანს ცდილობდა მეგობრის გამოსყიდვას, თუმცა ნიუ-იორკელი სამართალდამცავები შეუვალი აღმოჩნდნენ და ლუჩანოც რამდენიმე დღეში დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს.
* * *
1936 წლის 13 მაისს დაწყებულ სასამართლო პროცესზე ლუჩანო არა მაფიის ბოსის, არამედ დანაშაულებრივი დაჯგუფების რიგით წევრად წარსდგა და ბრალდებულის სკამზეც ქვეშევრდომებთან ერთად აღმოჩნდა. საქმის გარჩევა სამი თვე გაგრძელდა, მოსამართლემ ჯერ ცრუ ჩვენების მიცემაში ამხილა განგსტერი, მერე მისი უზარმაზარი შემოსავლების კანონიერებაში შეიტანა ეჭვი და საბოლოოდ, 62-პუნქტიან ბრალდებასთან ერთად 50-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა, რაც ნიუ-იორკის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ განაჩენად რჩება.
მართალია, ყოველთვის „იღბლიან“ განგსტერს იღბალმა უმტყუნა, რადგან მთელი 10 წლით მოხვდა კანადის საზღვართან, დანემორის განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის საპატიმროში, მაგრამ ისტორიკოსები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლომ მაინც ვერ შეძლო ლუჩანოს კრიმინალური საქმიანობის სრულად დამტკიცება, რადგან ბრალდების მხარე მეტწილად ნარკოტიკებზე დამოკიდებული მეძავის აღიარებას დაეყრდნო, რომელსაც ჩვენების მიცემა აიძულა, მოსამართლემ კი, სერიოზული ზეწოლა განახორციელა სხვა მოწმეებზე და მხოლოდ პროცესუალური ნორმების დარღვევით იზეიმა იტალიურ მაფიაზე პირველი გამარჯვება. თუმცა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ლუჩანოს ისევ ბედმა გაუღიმა, როცა მეორე მსოფლიო ომში ჩაბმული შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვაში აღმოჩნდა და იტალიური სინდიკატის ამერიკის ხელისუფლებასთან „დამეგობრება“ ითავა.
ევროპის ქვეყნების სამხედრო ძალებით უზრუნველყოფის და ჯაშუშების, საბოტაჟის მომწყობთა მხილების სურვილით, ამერიკული მთავრობა სწრაფად დათანხმდა იტალიურ მაფიასთან თანამშრომლობას, რომელიც სრულად აკონტროლებდა მშობლიურ პორტებს და მოკავშირეთა ჯარებიც უპრობლემოდ გადასხა სიცილიის კუნძულზე, ყოფილი განგსტერი კი, 1946 წელს „სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გაათავისუფლა, თუმცა ნიუ-იორკში დაბრუნების ნაცვლად მშობლიურ იტალიაში ურჩია დარჩენა.
რა თქმა უნდა, ლუჩანომ გაითვალისწინა რჩევა და ნიუ-იორკის პორტში, უზარმაზარი ხომალდის ბორტზე უკანასკნელი სადილის შემდეგ სამუდამოდ დატოვა შეერთებული შტატები. საქმიანობა „ლაქიმ“ სიცილიაზე გააგრძელა და მართალია, ყოველთვის თან სდევდა იღბალი, მაგრამ ნიუ-იორკში დაბრუნება და დაკარგული ძალაუფლების აღდგენა მაინც ვერ შეძლო, 1962 წლის 26 იანვარს კი, ნეაპოლის აეროპორტში გარდაიცვალა პროდიუსერის მარტინ გოშმის ლოდინში, რომელიც მასზე ფილმის გადაღებას გეგმავდა.