გამჭვირვალება არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი, პირველ რიგში მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პრორუსული ძალები პრაქტიკულად გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან და ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს გამოწვევები აქვს სხვა მიმართულებითაც.
„რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2013,2014 წლებში, მოგეხსენებათ, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები. მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე ხმების დაახლოებით 20%-ს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო წლებში,ე ს არის „ალტ-ინფო“, მას აქვს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა, მასაც აქვს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენი ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ჩვენ რეალურად ამ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ბუნებრივია დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტს გამოწვევები აქვს არაერთი სხვა მიმართულებითაც და შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც შეგნებულად არ ვაკონკრეტებ ობიექტურ მიზეზთა გამო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან.
რაც შეეხება დასავლეთ, ოპოზიციის მხრიდან იყო საუბარი, რომ თითქოს ჩვენ მტრად განვიხილავთ დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალება არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი, პირველ რიგში მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ თავიდანვე ღიად ვსაუბრობდით გარკვეულ მანკიერ გამოვლინებებზე, რაც გვაწუხებდა და ამაზე ღიად ვუზიარებდით ჩვენს პარტნიორებს შეხედულებებს და ამის საფუძველზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვთხოვდით შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი საქმიანობა გამხდარიყო გამჭვირვალე. იყო პირვანდელი დაპირებები, თუმცა ამ დაპირებების მიუხედავად, მაინც არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.