სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა. ერთთვიანი კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური დახმარებებისა, ასევე სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების აქტივობების შესახებ.