პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ე.წ რუსული კანონის განხილვა 15 და 16 აპრილს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდისგან აღნიშნული კანონპროექტის საქართველოს პარლამენტიდან გაწვევას ისევ მოითხოვენ . ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი სამივე მოსმენით მიიღოს, საქართველოს ევროპულ მომავალ საფრთხეს უქმნის. თავისმხრივ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი მეტი გამჭვირვალობის შემოტანაა, რადგან მათივე განმარტებით უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს საქართველოში კარგ საქმეებთან ერთად ექსტრემიზმი და ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაც აქვთ დაფინანსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებასაც გამოეხმაურნენ,სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის.