თქვენი აზრით, რატომ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ? რატომ იღვწიან საქართველოს საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული და რატომ არის, რომ ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის, ივანიშვილის პარტიის გარდა, არის კრემლი? - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს
ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ღალატობენ.
„ბატონო მამუკა, დღეს თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის დასავლეთის შანტაჟი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. როცა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გეუბნებათ, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო აშშ-ს კანონთან. როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ეწინააღმდეგება ამ კანონს, როდესაც 22 ევროპარლამენტარი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ კანონმა საფრთხის ქვეშ დააყენოს ის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელიც ქართველი ხალხის ძალისხმევით საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსის სახით. როდესაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი იმ წერილით, რომელსაც შალვა პაპუაშვილი სამარცხვინოდ მალავდა, ამბობს, რომ არის კონკრეტული მოწოდება თითოეულ თქვენგანზე, რომ ამ კანონს მხარი არ დაუჭიროთ და ერთადერთი მთელს მსოფლიოში, ვინც ამ კანონს იწონებს, არის პუტინის პროპაგანდისტი დუგინი და კრემლის სხვა პროპაგანდისტები, კითხვა მაინც არ გიჩნდებათ საკუთარ თავთან, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თქვენ ღალატობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მაქვს მე თქვენთან - რატომ იბრძვიან თქვენი აზრით საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ? რატომ იღვწიან საქართველოს საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული? და რატომ არის, რომ ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის ივანიშვილის პარტიის გარდა არის კრემლი? “, - განაცხადა ბოკუჩავამ.