პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია. კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ახალი წესების თანახმად, მათი არჩევა 5-წლიანი უფლებამოსილების ვადით უბრალო უმრავლესობით მოხდება.
ამასთან, როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატურებს საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, მხარს უჭერს და ხმას აძლევს პოლიტიკური ჯგუფები - “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“, ჯამში კანდიდატურებს პარლამენტისგან 91-ხმიანი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ დღევანდელ სხდომას უმრავლესობის ყველა დეპუტატი არ ესწრება, სათანადო კვორუმი ვერ შეგროვდა.
85-მომხრე, 13 - წინააღმდეგი - ასეთი იყო დღევანდელ კენჭისყრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის შედეგი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე კანდიდატები პარლამენტში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. კანდიდატურები პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა.