„რუსული კანონი“ არ ემსახურება მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში - რამდენი ბანერიც არ უნდა გამოაკრათ ჩვენი მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა თუ სოფლების ქუჩებში, ეს ადამიანები გამოვლენ და აუცილებლად წაგაღებინებენ უკან ამ კანონპროექტს, სანამ კანონად აქცევთ! - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
მისივე განცხადებით, „ერთიანობის წინააღმდეგ ყველა გადადგმული ნაბიჯი, ადეკვატურად იქნება შეფასებული როგორც ხალხის, ისე პოლიტიკური პარტიების, ასევე ჩვენი პარტნიორების მიერ“.
„მგონი, ბევრი რამ მოგვისმენია ამ დარბაზში, მაგრამ იმ ფაქტს ვერავინ უარყოფს, რომ უკიდურესად დაძაბული ფონია ამ დარბაზში, გარეთ, მთელ ქვეყანაში. ნამდვილად არ ემსახურება ეს იმას, რაზეც ჩვენ ყველა უნდა ვიღვწოდეთ და ვაკეთებდეთ. სულ რამდენიმე კვირის წინ, ვნახეთ, დიდმა ეროვნულმა ერთობამ რამხელა მუხტი მოუტანა ამ ქვეყანას, რამხელა შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ყველანი ერთად ვიყავით და დიდ საქმეს ვგულშემატკივრობდით - ვგულისხმობ საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლას ევროპის ჩემპიონატზე.
აქ, ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ თქვა, რომ მათი დამსახურებაა, რაც დღეს ჩვენ ევროპისგან მივიღეთ. თუ მართლა თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, უვიზოდ მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რატომ მიიწვიეს მიხეილ სააკაშვილი? როდესაც კანდიდატის სტატუსს ვიღებდით, თქვენ რატომ არ მიგიწვიათ ჩემო ძვირფასო კოლეგავ, ვინც ამას ამბობდით და რატომ იყო იქ, ნანა მალაშხია? ქალბატონი, რომელიც ევროპის დროშით ნამდვილად იცავდა ევროპის ინტერესებს და არა თქვენ, ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მიაჭირეთ „რუსული კანონის“ მიღებას, ერთი კვირით ადრე მომხრე იყავით „რუსული კანონის“ მიღების, ხოლო ერთი კვირის თავზე უკან წაიღეთ. დღეს რას აკეთებთ? უკან აბრუნებთ ამ კანონს.
ასევე, როდესაც საუბრობთ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობენ. თქვენ ბატონო შალვა, როდესაც წარმოადგენდით ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომლის დაფინანსების 20 პროცენტი კი არა, 99 პროცენტი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის და იქ მუშაობდით თქვენ. ასევე, ბევრი ჩემი კოლეგა, რომლების სახელებიც და გვარებიც შეგნებულად არ მინდა დავასახელო, უმეტესობა სხედხართ უმრავლესობაში.
თქვენი ორგანიზაცია, რომ ყოფილიყო უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად წოდებული და ამ იარლიყის ქვეშ, დაიწყებდით თქვენ იქ მუშაობას? ეს ორგანიზაციები, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ უცხოური ქვეყნების ინტერესებს კი არ ატარებენ, მაგალითად GIZ-ი, რომელშიც თქვენ მუშაობდით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გამტარნი არიან. მათ კეთილდღეობას, მათი პრობლემების მოგვარებას ემსახურებიან და თქვენ ებრძვით ამ ორგანიზაციებს ამ კანონპროექტით იმიტომ, რომ ანიჭებთ ისეთ სახელს რომელიც არ უნდა მიენიჭოთ. აყენებთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც არ უნდა აყენებდეთ. პირიქით, ამ ორგანიზაციებს ხელის შეწყობა სჭირდებათ, იმ დონორებს პირიქით მადლობის თქმა სჭირდებათ, იმიტომ რომ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, სოფლებს თუ ქალაქებს, უამრავი სიკეთე გაუკეთეს. ეს არის რეალობა, ამან გამოიწვია იმ უამრავი ადამიანის აღშფოთება, რომელიც ქუჩაში გამოდის და რაც არ უნდა იძახოთ ახლა თქვენ, რომ ვიღაცა მოტყუებულია, ვიღაცამ კანონი ვერ წაიკითხა, რამდენი ბანერიც არ უნდა გამოაკრათ ჩვენი მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა თუ სოფლების ქუჩებში, ეს ადამიანები გამოვლენ და აუცილებლად წაგაღებინებენ უკან ამ კანონპროექტს, სანამ კანონად აქცევთ. ეს არის რეალობა, რაც არ უნდა თქვენი მაღალი ხმით, ან რაოდენობით გადაფაროთ ის ხმა, რომელიც ამ დარბაზში ისმის, რომელიც კომიტეტზე ისმოდა, არ გამოვა, რადგან სიმართლე ყველამ ძალიან კარგად იცის. კარგად იცით, იმ ადამიანებმა, ვინც ამ ორგანიზაციებში მუშაობდით. არ არის ეს კარგი, არ ემსახურება მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, არ ემსახურება ეროვნულ ერთობას. ერთიანობის წინააღმდეგ ყველა გადადგმული ნაბიჯი, ადეკვატურად იქნება შეფასებული როგორც ხალხის, ისე პოლიტიკური პარტიების, ასევე ჩვენი პარტნიორების მიერ. ნუ ცდილობთ ძალმომრეობით, ყვირილით, უხეშობით, ცინიზმით გადაფაროთ. არ გამოვა ეს ამბავი, საქართველოში ვერ გაიმარჯვებს რუსეთი. არა „რუსულ კანონს“! ჩვენი ადგილი არის ევროპაში! კიდევ ერთხელ დავესესხები ჩვენს ფეხბურთელებს - სად მივდივართ? ევროპაში!“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.